კაცი და გველი (იგავ-არაკი)
ერთი კაცი მოვიდოდა გზაზედა. ნახა, ერთს ძეძვს ცეცხლი შემოჰგზნებია და ზედ გველი გასულა. წასასვლელი გზა არა აქვს, ღონობს და წივის. ნახა მან კაცმან, შეეწყალა და თქვა: ამ გველს მოვარჩენ, მადლია ჩემთვისაო. მივიდა, შუბის წვერი მიუშვირა. გველი ზედ შემოეხვია, მხარზე შეახლტა და ყელს შემოეღვლარჭნა, მაგრა მოუჭირა. ჰკითხა მან კაცმან: რა გაწყინე, რატომ მიზამ? სიკვდილს მოგარჩინეო! გველმან უთხრა: კარგისათვის კარგი არავის უქმნია და მეც ასრე გიყავო. კაცი შეეხვეწა: ამდენი მაცალე, იგი ჭანდარი რომ დგას, მუნამდის მივიდეთ და მას ვჰკითხოთ. თუ ჩემის ცოდვით ხემაც ხმა ამოიღოს და დაგიშალოს, გამიშვი, თუ არა და, რაც გინდა მიყავო. ცოტა მოუფონა გველმან და მივიდნენ ჭანდართან. ჰკითხა მან კაცმან: ეს გველი სიკვდილს მოვარჩინე, აწ ასე მიზამსო. მან ჭანდარმან ეგრე უთხრა: ამ ცხელს მინდორში მარტო ერთი ხე ვდგავარ; მგზავრი, თუ არ ჩემს ჩრდილში, ვერ განისვენებს. მოვლენ, მოიგრილებენ, დავაჩრდილებ, მერმე შტოებს დამამტვრევენ, ზოგს დასწვენ, ზოგს კოლოფებად აკეთებენ: რა კარგი ხეაო! კარგისათვის კარგი არავის უქმნია, მოუჭირე, გველოო! მოუჭირა ყელსა გველმან. კიდევ შეეხვეწა კაცი გველსა: ცოტა მოუშვიო, აგერ ხარი სძოვს, მას ვჰკითხოთო! წავიდნენ, ხარს ჰკითხეს. ხარმან უთხრა: მოვხნავ, დავფარცხავ, გავლეწ და ზაფხულ-ზამთარ სულ კაცთათვის ვმუშაობ, დამაწვენენ და დამკვლენ: რაო და, სტუმარი მომივიდაო! კარგისათვის კარგი არავის უქმნია, მოუჭირე, გველოო! მოუჭირა კიდევ ყელსა. შეეხვეწა კაცი: ცოტა კიდევ მაცალე, აგერ მელი არის და მასაც ვჰკითხოთო! მივიდნენ, მელს ჰკითხეს. კაცმან თავისი საჩივარი და გველმან ხისა და ხარის მოწმობა მოახსენა. მელმან უთხრა თავის ხერხიანის სიტყვითა გველს: ლომნადირთ ხელმწიფისაგან დასმული მდივანბეგი ვარო, ყელზე შემოჰხვევიხარ და ისე მესამართლები, როგორ იქმნებაო? შემოეშვი და შენც დამიჩოქე და ამ კაცმანცაო! რა გველი შემოეშვა და დაბლა ჩამოვიდა, დაჰკრა მელმან ტოტი თავში, გველი მოკლა და თქვა: გველის სამართალი ეს არისო! მერმე მან კაცმან ის მელა აღარ დაინდო და შუბის ცემა მოინდომა: კარგი რამ ბეწვი აქვსო. შეუტყო მელმან, გაექცა და თავსა აბრალა: დავაშავე, მოვარჩინეო!
წყარო: www.aura.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი