მისანი ყვავი (იგავ-არაკი)


წამოველ მუნით და მოველ თემსა ევლათისასა. ვერას ღონით პური საჭმელად ვერ ვიშოვნე. ძუნწნი, უღთონი და ავნი კაცნი იყვნენ. ორი დღე მშიერი ვიარე. მერმე ეს ღონე მოვიგონე: ყვავს ჯოხი შევსტყორცე, მხარი მოვტეხე და უბეს ჩავისვი. ვაჩხავლებდი. მით მისნობა დავიწყე. 

მოვადეგ ერთსა სახლსა. მარტო დიაცი იყო. კარი არ გამიღო, სახლად არ შემიყვანა. ღამე მესწრა. ღონე არ მქონდა, კარზედ მივეყრდნენ. 

დიაცმან ცეცხლიდამ ფუნთუშის პურები ამოიღო, კიდობანში ჩადვა. ცოტა ხანი გამოვიდა. მის სოფლის მამასახლისი მოვიდა, დოქით ღვინო და ერთი ნამზადი ბატი მოიტანა. ღვინო და ბატი სარკმელში შედვა. დასხდეს, მცირე იალერსეს. კარზე ერთი ცხენოსანი კაცი მოადგა. რა ცხენის ხმა ესმათ, მამასახლისი, გოდორი იდგა, მას ქვეშ შესვა. დიაცი მიწვა. მე ყოველივე ვნახე. ეს კაცი თურე მის დიაცის ქმარი იყო, საქმარზე წასულიყო და არ მოელოდენ. 

მოვიდა, მე მკითხა: ვინ ხარო? 

მოვახსენე: ღვთის სტუმარი ვარ-მეთქი და სახლში არავინ შემიშვა-მეთქი. 

კაცმან უყივლა. დიაცმან ხმა გვიან გასცა, ვითამ მძინარობა შეიფერა. ცეცხლი აანთო, შემიყვანა. ორნივ მშიერნი ვართ. ცოლს საჭმელი სთხოვა. ცოლმან ზუზვით ორი მჭადი მოიღო და მოსცა: საჭმელი ვინ მომცა, შუაღამეაო! 

მე ყვავი უბეში მიჯდა, მკლავი მოვუჭირე და დავაჩხავლე. 

მან კაცმან მკითხა: რა არისო? 

მე ვუთხარ: მისანი ყვავია და ყველას სცნობს, ამისი ენა კარგა ვიცი-მეთქი. 

იამა მას კაცსა და წლის მოსავლისა მკითხა. ყველა კარგი ვუთხარი. 

მერმე დავაჩხავლე და მკითხა: რა თქვაო? 

ვუთხარ: ეს თქვა-მეთქი: მჭადს რად სჭამთ, კიდობანში ორი თეთრი ფუნთუში ძევს და ისა სჭამეთო. 

მერმე დავაჩხავლე და ბატისა ვუთხარ და იგიც ამოვაღებინე. კიდევ დავაჩხავლე და ღვინოც მოვაღებინე. 

კაცმან ცოლი დატუქსა: თუ ეს გქონდა, რად არ მოგვართვიო? 

მან თავის გამართლება დაიწყო: სამშობლოს მივიდოდი, ნუზლად მინდოდაო. 

რა გავძეღ, მეტი აღარ მინდოდა, ყვავი კიდევ დავაჩხავლე. 

მასპინძელმა მითხრა: რა თქვაო? 

მე ვუთხარ: ეს თქვა-მეთქი: თქვენ რომ სმად სხედხართ და მშიერი მამასახლისი გოდორ ქვეშ ზის, უკაცრაოდ რატომ დარჩებით, მასცა ლხინი აჩვენეთო. 

მამასახლისსა რა ესმა, გოდორი თავს გარდაივლო, კარში გამოვარდა, კაცი თან გამოჰყვა, მე ჩემს გზას მივმართე.

 

წყარო: www.aura.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი