გლახკი და ქილა ერბო (იგავ-არაკი)


ერთი გლახაკი კაცი მივიდოდა გზასა ზედა და ერთი ქილა ერბო ჰპოვა. აიღო ქილა, საკიდარში ჯოხი გაუყარა და მხარზე შეიდვა. დაიწყო გზა-გზა სლვა და გულთა ამასა უბნობდა: 

- აწ გამდიდრება მოინდომა ღმერთმან ჩემი. ჩავალ ქალაქად და ერბოს ნახევარ მარჩილად გავყიდი; მით თორმეტს ქათმის სამამლე წიწილებს ვიყიდი, მოვიყვან, დავზრდი, დავყვერავ, დავასუქებ და თითოს თითო აბაზად დავყიდი. მერმე მით საეშვე გოჭებს ვიყიდი, დავასუქებ, დავაკერატებ და ორ-ორ მარჩილად დავყიდი. მერმე მით სახარე ხბორებს ვიყიდი, დავზრდი, მოვხნავ, მოვთესავ და აშენებული შევიქმნები. 

და ამ გულისთქმაში შეშა აუდვა და ქალაქს გასასყიდლად წამოიღო. 

ერთი ხიდი დახვდა. თქვა მან კაცმან: აქ ხარი არ გაიარს, ხმა გავცეო. შესძახა: ჰარიო! 

დაუქნია ჯოხი, ერბოს ქოთანი ხიდზე დაჰკრა, ქოთანი გატეხა, ერბო დაიქცა. მისის გულისთქმით გამდიდრება წუთზე წაუხდა. 

- შენც შენის გონებით ბევრს რასმე ზრახავ და გამდიდრდები, მაგრამ ასეთი რამ გაგიზრახავს, რომე ღვთის ძალით შენს თავსაც მოჰშლი, არამც თუ განზრახული გაათაო.

 

წყარო: www.aura.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი