განშორებული და მარტვილი (იგავ-არაკი)
იყო ერთი წმიდა კაცი, განშორებული. მოინება სოფლად გამოსვლა. გამოვიდა, მოვიდა ქალაქსა ერთსა, შევიდა კაცისა დიდებულისასა. დია კარგა დაჰხვდა. ვითა ჰმართებდა, გაასვენა. დიდებულს ერთის რვის წლის მარტვილი ჰყვანდა, უხაროდა. გამოხდა ჟამი. კარზე ტირილი შემოესმათ, მკვდარი მიაქვნდათ. უთხრა მამამან: - გადი, შვილო, მკვდარი მიაქვთ; ნახე: წარწყმდა, თუ ცხონდა? გავიდა მარტვილი. მოვიდა და მოახსენა სიხარულით: ცხონდაო! მეორეზე სხვა მკვდარი გამოატარეს. გაგზავნა კიდევ. მარტვილი მერმე მწუხარებით შემოვიდა: ეს კი წარწყმდაო! თქვა მან განშორებულმან: მე ორმოცი წელიწადია უდაბნოში ვარ და ანგელოზი საზრდოს მიზიდავს; მე ვერა ვსცნობ, ვინ ცხონდა და ანუ ვინ წარწყმდა, ამ მარტვილმან ვით სცნაო? უთხრა მარტვილმან: წმიდასა ამით ვსცნობ: ვინცა ვინ უკან ერი მისდევს, მას ყური დავუგდე. წეღან ამას ამბობდენ: კარგი და ღირსი იყოო, უწყინარი და ღვთის მაამებელიო, და ვიცი ცხონებულია, საქმით შეიტყობა. ახლა ამას ყველანი უჩიოდენ: ავი, უწყალო და უსამართლო, მტყუანი იყო, ღვთისა არ ეშინოდა და კაცისა არა რცხვენოდაო. ამით ვიცი, კაცი მისი საქმით იცნობებაო.
წყარო: www.aura.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი