იხვი და მყვარი (იგავ-არაკი)
ერთს მთაში ერთი მომცრო, წვიმის მდგარი გუბე დარჩომილიყო. მივიდა ერთი იხვი, ჩაჯდა და იყოფებოდა. ერთი მყვარი დაეძმობილა იხვსა და ერთად იყვნენ და, რაც გაეწყობოდა, შეექცეოდიან. რა მზე გაცხარდა და ზაფხულმან სიცხე მოუმატა, წყალმან კლება შექმნა. იხვმან უთხრა მყვარს: მოდი, ადგილი ვიცვალოთო! მყვარმან უთხრა: შენ აქა-იქ თრევას ჩვეულხარ, მე სამკვიდროს ვერ დავუტევებო! იხვი გაფრინდა, სადაც დიდი წყალი იყო, იქ მივიდა. მყვარმან სამკვიდრო არ გაუშვა. ცოტას ხანს უკან იხვმან თქვა: წავალ, ჩემს ძმობილს ვნახავ, რასა იქმსო? მოვიდა, ნახა, გუბე გამხმარიყო, მყვარი მომკვდარიყო. უთხრა: ძმობილო, მაგისთანას სამკვიდროს სიყვარულს ჩემეულად სიარული სჯობნებიაო.
წყარო: www.aura.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი