მეხილე და მწყემსი (იგავ-არაკი)


ბაღდადის ქალაქსა წესი იყო, რა მეხილესთან კაცი მივიდის და ორი ფული მისცის, რაც ენების, ეგოდენი ხურმა შეჭამის.

ერთი გარეთმყოფი მწყემსი მივიდა, განწესებული მისცა, დაჯდა და ნახევარ მარჩილისა ხურმა შესჭამა.

მეხილემ უთხრა: ძმაო, ბევრს ნუ სჭამ, გულს დაგწვავსო. 

მწყემსმან უთხრა: შენ ნუ იურვი, ვისცა გული დაეწვის, მე ვიციო! 

- აწ ჩემი აქ ყოფნა ვისიც ან ზიანია, ან სარგებელი, ან საწყენი და ან სასიამოვნო, მე კარგად ვიციო. 

უბრძანა მეფემან ლეონს: 

- ვიცი სიტყვაგრძელი და ლაპარაკტკბილი ხართ და შეექცევით სიამესა. ესოდენი ხანია, ძე ჩემი, არ ვიცი, ვითარის სწავლის პატრონია, მაჩვენეო! 

მოახსენა ლეონ: 

- მეფეო, კაცი უბოძე, მოიყვანე და მისგან კითხვით სცანო! 

გაგზავნა ხელარგნოსანი, აწვია ძე თვისი ჯუმბერ და არა მოვიდა მით. 

გაგზავნა დარბაზთუხუცესი და არა მოვიდა მით. 

გაგზავნა მესტუმრეთუხუცესი და არც მით მოვიდა. 

გაგზავნა ვაზირი და არც მით მოვიდა. 

მერმე მოლარე გაგზავნა, დაჯდა სპილოსა ზედა და მოვიდა. ჩამოხდა სპილოდამ, სარტყელი შემოიხსნა, სპილოსა ზედა დააგდო და ცალის ხელით მიწა აიღო და ცალის ხელით ქვა და მამას მოართვა, თაყვანი სცა და ხელს აკოცა. 

უბრძანა მეფემან შვილსა: 

- სიცოცხლეო გულისა ჩემისაო და ნათელო თვალთა ჩემთაო, ხელარგნოსანი გაახელ, რად არ მოხველ? 

ჯუმბერ მოახსენა: 

- შეცოდება არა მქონდა. 

რქვა მეფემან: 

- დარბაზთუხუცესი გამოგიგზავნე, რად არ მოხველ? 

ჯუმბერ მოახსენა: 

- არა მონათაგანი ვიყავ, ჩემზე ხელი არა უცს. 

რქვა მეფემან: 

- მესტუმრეთუხუცესს რად არ მოჰყევ? ჩემი უდიდესი თავადი არის. 

ჯუმბერ მოახსენა: 

- მასპინძელი ვინღა იყო, თუცა მე მესტუმრეს შევდგომოდი? 

რქვა მეფემან: 

- ჩემს ვაზირს რად აღარ მოჰყევ? 

ჯუმბერ მოახსენა: 

- ნუთუ მეფობასა ვსცდილობდე?! ღმერთმან ნუ ჰყოს! ვაზირი მეფესთან ხამს. 

რქვა მეფემან: 

- მოლარეს რაღად მოჰყევ, უგვანსა მოხელესა და ცუდსა ჭაბუკსა? ჯუმბერ მოახსენა: 

- სხვათა თანა ეგე უგვანია და არც მიივლინება, თვარამ ჩემთან მოლარის მოგზავნა ხამს: მე ვარ შენი საუნჯე, შენი განძი, შენი ლარი. 

მოეწონა მეფესა სიტყვა ესე. 

ჰკითხა ვაზირმან ჯუმბერს: 

- რად შესჯეგ სპილოსა ზედა და მოხვედ მით? 

ჯუმბერ უთხრა: 

- დიდებისათვის, რომე მეფეთა გვარი და დიდი კაცი დიდსა რასამე ზედა უნდა ჯდეს. 

უთხრა ვაზირმან: 

- სარტყელი რად შემოიხსენ და სპილოსა ზედა მიაგდე? 

ჯუმბერ თქვა: 

- რაჟამს მეფე, ანუ დიდი ვინმე საჯდომით თვისით სიჩქარით აღდგეს, ესრეთ ხამს, თვისი ძლიერება თვისსავე საჯდომსა დაუტევოს და თვითან თავი იცნას, რომე იგი საჯდომი არს დადი ჰუბუტი, თვარამ უმისოდ ყოველივე გარე შემოეძარცვება. არაკად თქმულა: ლოდი მაშინ მძიმეა, რა ადგილას იდვას, და რა ადგილით დაიძვრის, გასუბუქდესო. 

რქვა მამამან: 

- ქვა და მიწა რად მიძღვენ? 

მოახსენა ძემან: 

- მიწა ეს არის: რა გინდ დიდებული და ძლიერი მეფე იყო. სცან ესე: მიწა ხარ და მიწად მიიქცევი. ღვთის სათნო გიჯობს კაცთა სათნოსა. და ქვა ეს არის: რაც სალარო გაქვს, თუ არ იხმარებ, ქვა და ოქრო სწორია კაცთათვის.

 

წყარო: www.aura.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი