სამნი ამხანაგნი (იგავ-არაკი)


1.

სამნი ამხანაგნი შეიყარნენ: ერთი ისპაანელი, ერთი გილანელი და ერთი განჯელი. ერთმანერთს თავიანთი თემი უქეს. 

ისპაანელმან კაცმან თქვა: 

- ჩემი თემი ისეთია: ძველი და ახალი ნესვი ერთად დასდვა, ვერა სცნობ, რომელი წლეულია და რომელი შარშანდელი. 

გილანელმან თქვა: 

- ჩემი თემი ესეთია: ცოცხალი კაცი და მკვდარი ერთს საგებელში დააწვინო, თუ ცოცხალსა ძინავს, ვერა სცნობ, რომელი მკვდარია და რომელი ცოცხალი. 

განჯელმან თქვა: 

- ჩემი თემი ესეთია, რა კაცი მოკვდება, ექვს თვე ფეხზე ვალს და მეშვიდეს თვეს სამარედ ჩავალს, გაზაფხულ ცხელებას დაუწყებს და შემოდგომაზე მოკვდება. 

არც ერთის თემი ვარგიყო, მაგრამ მათ მოსწონდათ.


2.

იყვნენ სამნი ამხანაგნი. ერთი დია კარგი და ბატონის ერთგული და ყოვლის კაცის შეუცოდარი, მართალი და მართლის მთქმელი იყო და ორნი მტყუარნი და ორგულნი. 

იგი ორნი ამხანაგნი ორგულებაზე აწვევდენ მას ერთსა, და იგი ერთი ეტყოდა: ნუ, ძმანო, არა სჯობს. პატრონისა ორგული ღმერთსაც სძულს და კაცსაცა, და ნუ ბოროტებთო! 

იგინი გაუმტერდენ და პატრონთან შესმენას ეცადენ. არ შეიბეზღა და ღამე ბაგირი წაუჭირეს და დააშთვეს. 

- თქვენც აგრე მიპირობთ, განა ვერა ვხედავ? ამხანაგს რომ მიქებ, ამხანაგი ესეთი მინდა, ჩემის ნებისა და ჩემთვის კარგის მოქმედი, კეთილისმყოფელი, უზიანო, მეფესთან კადნიერად სიკეთის მოქენე, არა მაოხარი, ქიშპი, მტერი და წახდენის მცდელი.

ღმერთმან ეგეთი ამხანაგი თქვენ მოგცეს, თქვენ მე ამხანაგები მყავხართ, ან როგორსაც ამხანაგობას მიპირობთ!

წყარო: www.aura.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი