უკიდეგანო სამყაროში ჩვენი თავი გამოვიგონოთ!
იასამნისფერ სივრცეს წვიმის წვეთები ეფინებოდა, მზეების დღე იყო - სულის მზეების ... ჰაერი მიხმობს, შეფერადებულ სიმსუბუქეში ბალახის გულისცემაც ერთი ფერია. ჰაერი გვიხმობს... სულის მზეების დღეა... იდუმალებამ შეგვიფარა და მიუსაფარ გზების სივრცემ ცვრიან ბალახზე ფეხისგულებს რომ ეფერება, მიწის სუნთქვიდან ცივი წყლის წვეთად შეიმოსა ჰაერში ბგერაც, აქ, სურნელოვან მინდვრის ყვავილებს აფერადებს ფუნჯის ფერება, სინათლე მინდა! სხივები რომ შემომახვიოს და ამიტაცოს ზეცის მიღმა უკიდეგანო სივრცეებში, მდინარის წვეთად... ახლა შიშებმაც მიმატოვეს და ბილიკებზე ჩემი თავიც დავისადგურე, სხივებმა მზისგან გვირგვინები გამოგვიგზავნეს... წყვდიადის გზებიც სადღაც გამქრალა, მოგონებებში ფრენაც ვისწავლე... და აი ის ხე ბავშვობაში თუთას რომ ვკრეფდით ხის კენწეროდან - არ ვიღლებოდით, და იყო წვიმა ხეზე ასვლას რომ გვირთულებდა სხივთა უხვი ფერება ... ცრემლმა დაახშო მოლოდინის უხვი დღეებიც, ისევ დაფანტულ ნაწილებად მიმობნეული ვეხები ჰაერს... ჩემი ყოველი მოლეკულა იისფერ შუქს რომ ეფერადება, ყაყაჩოების ბაღებს გადავირბენ იისფერ კაბით, ნეტავ იწვიმებს?... ღრუბლიან ამინდს იდუმალ გრძნობად ეღვრებოდა სულის სამყარო, მაშინ გრძნობების კითხვაც შემეძლო... ხის ფესვებთან რომ მივირბენდი სულ მაფიქრებდა, ყვავილის სუნთქვა მზეების შემდეგ, ხის გულისცემა ცულის დარტყმისას, ბალახის ცრემლი ცელის მოსმისას... უამრავ ტკივილს თავს მოვუყრიდი და ფეხშიშველა შემოვირბენდი მინდვრებს ნამიანს... სიყვარულიდან სიყვარულამდე გზებს დავითვლიდი, მიწის სუნთქვას და ზეცის სივრცეს ბავშვის ნაბიჯით გამოვსახავდი. გაღვიძებისას უცნაური გრძნობა მიპყრობდა, თითქოს ზეციდან ჩამოვარდი და უგზო-უკვლოდ მოხეტიალე მგზავრად ვიქეცი - და იყო გზები უცნობიდან თითქოს ნაცნობი... თითქოს ქარიშხალ გამოვლილმა ვისწავლე ფიქრიც, მე ისევ იქ ვარ , ქარიან მინდვრად, გზააბნეული ბავობიდან სახლში ვბრუნდები... უკიდეგანო სამყაროში ჩემი თავი უნდა გამოვიგონო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი