იქ ენგურს მიღმა საქართველოა


ტალღების შრიალს ყურს უგდებდა პატარა ბიჭი, 
ბიჭი, რომელიც ტყვიამფრქვევის წვიმაში მოჰყვა, 
გამოიყოლა ზღვის სურნელი დაჭრილი გულით, 
მამის საფლავთან დაიფიცა, “მე შენთან მოვალ” 

ტალღების კვნესას ყურს უგდებდა პატარა ბიჭი, 
ეძნელებოდათ ერთმანეთთან შორიშორს ყოფნა, 
მან სანაპიროს კენჭებიდან აიღო ერთი და დაიფიცა, 
დავბრუნდებით,ჩვენ ერთად მოვალთ. 

აქ სხვანაირად ეფერება შავი ზღვა ლურჯ ცას,
სიზმრაში მყოფსაც ყველა დევნილს ეს ზეცა ხურავ,
როდესაც მშვიდი ტალღების ხმა ვარადოს მღერის
ენგურს გამოღმა ჩონგურის ხმას მზე ზღვასთან მოჰყავს.

დღეს ენგურის ხიდს მიაბიჯებს “ჭაღარა ბიჭი,”
გვერდით მიჰყვება შევერცხლილი მოხუცი დედა, 
დარდიანია ნაბიჯებიც, ფიქრიც და გულიც, 
აფხაზეთში ზღვაც თავპირს იმტვრევს, ელის მის მოსვლას. 

ისევ ის ტალღა, ისევ ის ზღვა, ისევ ის ზეცა, 
ენგურს გადაღმა გული თითქოს ზღვის ხმაზე ფეთქავს
და ხელის გულში მომწყვდეული პატარა კენჭიც 
სიცოცხლეს ითხოვს, მარტოსულად ყოფნა მობეზრდა.

ნაბიჯი ერთი, ორი, სამი, ითვლის ტალღები, 
მოხუცი დედაც თითქოს შვილის ნაბიჯს დანებდა. 
ზღვის სანაპიროს ეფერება “ჭაღარა ბიჭი,”
ცრემლებით ხვდება ზღვის ტალღებიც კენჭის შინ მოსვლას.
        თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი