ქარი
არ ვიცი რატომ შემიყვარდა ქარი ამდენად, ალბათ იმიტომ, რომ აფხიზლებს მარტოდ რჩენილებს, ჩამოუქროლებს დინჯ ბერიკაცს გიჟი სტუმარი, თმას აუწეწავს და ფიქრიდან გამოაღვიძებს. მდუმარე სახლებს ესტუმრება, დაჰბერავს ქროლვით, ღრმად მიძინებულ საძირკველსაც ააჭრიალებს, შემოევლება ხის კენწეროს შერჩენილ ნაყოფს, მიუწვდომელ ხილს მომლოდინეს ჩამოურიგებს. არ ვიცი რატომ შემიყვარდა ქარი ამდენად, ალბათ იმიტომ, რომ უტყვ ხეებს აახმიანებს, მთიდან მოიტანს საამური ბალახის სურნელს, დახუთულ ქალაქს სუნთქვის საზრდოს ჩამოურიგებს. დაქრის და დააქვს ამ თავნებას ზუზუნით ზეცა, შრიალი ტყეთა ესიტყვება ცის მქუხარებას. დაქრის თავნება, მონავარდე ანცი ბავშვივით და ესტუმრება მდუმარ კლდეებს დევისოდენას. არ ვიცი რატომ შემიყვარდა ქარი ამდენად, ალბათ იმიტომ, რომ აფხიზლებს მარტოდ რჩენილებს, ჩამოუქროლებს თმაშევერცხლილს ცელქი ნიავი და დინჯ ბერიკაცს ფიქრებიდან გამოაფხიზლებს. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი