ჩემში სამშობლო შიგნით ცოცხლობს


კავკასიონის კალთებზე მაქვს ფესვი გადგმული
და ამიტომაც ძლიერი მაქვს მე გულის ძგერა,
ჩემში სამშობლო შიგნით ცოცხლობს და არა სიტყვით,
მე ვძლიერდები როცა მესმის სამშობლოს ქება.

ჩვენს ფარხმალს ჟანგი არასოდეს არ ეპარება,
ჩვენ სისხლში გვიდუღს სიყვარული ქართული მიწის,
ჩვენი ძარღვები ასწლოვანი მუხის ფესვია
და ძლიერება მის ტოტებში მიწიდან მოდის.

მე ქართველი ვარ, ძლიერი მაქვს გენი და ჯიში,
მომავლის რწმენას ჩემში შიში არ ეპარება.
ჩვენ ვარ დავითის და თამარის ძლიერი მოდგმის,
არაგველთა და ცხრა ძმის სისხლი არ იკარგება.

მე ძლიერი ვარ, როგორც ლომი ფაფარაშლილი,
ალგეთს დაზრდილი ლეკვთა ჯარი ჩემი გვარია,
აბჯარასხმული სააკაძის შთამომავალნი
ჩემი სამშობლოს ხვალინდელი მომავალია.

ერთგულებაა ჩვენს გენებში ფესვად გამდგარი,
მოძმის ღალატი არ ჩვევია ჩემს დიდ წინაპარს,
მჯერა მომავალ თაობათა ძლიერი ძალის,
ვულკანს ვერასდროს ვერ ჩაახშობს მსუბუქი ტალღა.
                     თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი