რაა სამშობლო


სამშობლო ჩემთვის გულს ჩამწვდომი დილის სხივია,
მარგალიტებად დაბნეული სულის საკინძე,
ვერცხლის ბალთაა ჩუქურთმოვან ქამარ ხანჯალზე,
მარჯვენ მადლიან ვაჟკაცის გულს სისხლს რომ აუმღვრევს. 

სამშობლო ჩემთვის ფირუზისფერ ზეცის მზერაა, 
ფრთაშემართული არწივი და ვაზი  საძირე,
ნაკადულია, მორაკრაკე მთის მწვერვალიდან,
ერთი შეხედვით ლექსის ენით რომ აგაჟღერებს.

სამშობლო ჩემთვის მოგუზგუზე თბილი კერაა,
იავნანაა და დაისის ლაღი ცეკვაა,
ჩემს წინაპართა საძვალესთან მუხლის დრეკაა, 
სალოცავთაგან მოგუგუნე ზარის რეკვაა.

სამშობლო ჩემთვის ჩუქურთმებთან სიტყვის ძებნაა, 
ქვაზე ნაკვეთი, დაქარგული ჩვენი ანბანით,
მტრისგან უძლეველ დიდი პაპის სიტყვის რწმენაა,
მისი მარჯვენით მოხატული ქამარ ხანჯალი.
                                                  თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი