საჩხერისაკენ გზად თუ მოხვდები


თვალს რომ შეავლებ საიმერეთოს 
დაგეფინება გულზე ვარდები, 
მასპინძელი ხომ თავად ციხეა, 
ციხე ტრფობისთვის მტკიცედ ნაგები. 

თვალთ სანახები მართლაც ბევრია, 
მგოსნის სავანის კარს ვერ აცდები, 
იქ ეზოს ბოლოს თვალმარგალიტად 
სულს გაგინათებს ტაძრის თაღები.

გზა აგერევა? დარდი არ გქონდეს, 
არგვეთის ხილვით ისე დატკბები, 
ხეები კრძალვით თავს გაწონებენ 
და გიღიმიან ლურჯი ყანები.

დიდი მუხრანის გმასპინძლობს ეზო,
პაოლოს ლამაზ სახლშიც მოხვდები,
არ დაიღლები ამ სამოთხეში,
თუ პოეზიას ეტრფიალები.

სულს რომ ჩაგიდგამს გრილი ნიავი, 
საჩხერისაკენ წახვალთ სვენებით, 
ცოტა მანძილი ნუ შეგაშინებს, 
კოხტა, პატარა ქალაქს შეხვდებით. 

აქ ხმამყვირალი გხვდებათ მდინარე, 
სიცხის დროს სულის მოსაბრუნები, 
მოსჩქეფს ყვირილა ყვირილ ყვირილით, 
რაგინდ მზიანი უდგეს დღეები. 

სხვა რომ არ ნახო გეპატიება, 
მაგრამ სულ სხვაა ნახვა სხვიტორის, 
საწერეთლოთა კარ-მიდამოსკენ 
სამუზეომო გხვდება სოფელი. 

იმერეთიდან ისე ვერ წახვალ, 
თუ ცა ფირუზით არ გალაღდები, 
თვალს თუ შეავლებ ამ ღვთის საუფლოს, 
მჯერა, მის კალთებს ისევ ეწვევი. 
                         თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი