როცა თმაში ფანტელები შემერევა


როცა თმაში ფანტელები შემერევა,
როცა გულში დაიწყება თოვა,
მინდა იყო ჩემი სულის მოიმედე, 
ენძელების მომიტანო კონა.

ჭაღარა თმა სისპეტაკეს გმატებს ჩემო,
მომაგებე საიმედოდ სულის
და მითხარი, რომ აღმართის ბოლოს კარგო,
ბედნიერი სიბერის დროც მოდის.

დაგიჯერებ, რადგან მინდა დაგიჯერო,
რომ მომავალს შევყურებდე რწმენით,
ზამთრის ბოლოს სუსხიანი ღამეც მათბობს,
თუ ამ ღამეს გავათენებ ლოცვით.

დავინახავ გაზაფხულის გაელვებას,
გადავხედავ ჩემს გაკვალულ ბილიკს,
თეთრი თოვლი როგორ ნაზად ეფერება
თმაში ჩამჯდარ ჭაღარა თმის გვირგვინს.

როცა თმაში ფანტელები შემერევა,
როცა გულში დაიწყება თოვა,
მინდა იყო ჩემი სულის მოიმედე,
ენძელების მომიტანო კონა.

                          თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი