*მოხუცი მუხის ფიქრები
მოხუცი მუხის ფიქრები თითქმის ასი წელია ერთ ადგილზე ვდგავარ და ვაჩრდილებ ჩემი ფართო ფოთლებით არემარეს. მოვხუცდი, ტოტები დამისუსტდა და მტყდება. როგორ მინდა შემეძლოს ერთხელ მაინც იმ მთის წვერიდან გადავხედო არემარეს, საიდან მონაბერი ნიავითაც სულს ვიბრუნებ შემხუთველი სიცხის დროს. მინდა! მინდა, მაგრამ ვიცი რომ ეს ოცნება აუხდენელ ოცნებად დამრჩება მანამ, სანამ არ გავხმები. შემდეგ კი მომჭრიან და წამიღებენ შორს ჩემი ფესვებიდან. შესაძლოა ჩემი ტანიდან ლამაზი ნივთი დაამზადონ ან ყინვიან ზამთარში წითელ ღუზღუზა ნაკვერჩხლებად ვიქცე ბუხარში. ეს იქნება ჩემი ფერფლად ქცეული აუსრულებელი ოცნების დღე. თურმე ოცნების ჩაფიქრებასაც დიდი წინდახედულება სდომებია. არა! არა! სულაც არაა ჩემი სურვილი ფერფლად ქცევა. სჯობს შევეშვა ფუჭ ოცნებებს და ჩემი ბებერი ფესვები მძლავრად ჩავჭიდო მშობლიურ მიწას. ყველაფერი ლამაზია მანამ სანამ ფეხზე მყარად ვდგავარ. ისევ ვიშრიალებ! ისევ ვიხასხასებ! ვიცოცხლებ და სხვასაც ვაცოცხლებ! ესა სთქვა მოხუცმა მუხამ და ისე მძლავრად ჩასჭიდა ფესვები მიწას როგორც შეშინებული ბავშვი ეჭიდება დედის კალთას. დედამიწიდან შეგულიანებულმა ისე ააშრიალა და ააჟღერა ფართო ფოთლებით მელოდია გეგონებოდა ახალგაზრდა სული ჩაუსახლდაო. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი