გამოცანები 1


1
წითელქუდას, კომბლეს, სამ გოჭს,
ჰყავდა ერთი დიდი მტერი,
დიდთვალება, ბასრ კბილება,
და ბოროტი რუხი…
                                             (მგელი)

2
ზარმაცისთვის ტვირთი მქვია, 
ბეჯითისთვის მეგობარი, 
ვინც ჩემს ფურცლებს შეიყვარებს 
გახსნილი აქვს ცოდნის კარი. 
                                              (წიგნი)

3
ორთქლისაგან შექმნილი ვარ,
წვეთი მახლავს ულევი,
სანამ წვიმად დავიღვრები 
მეწოდება…   (ღრუბელი)

4
გაზაფხულის ყვავილი ვარ,
ხშირად თოვლის ფიფქი მფარავს, 
ვარდის მსგავსი სახელი მაქვს,
მაგრამ ბაღის ვარდი არ ვარ,
ტყის ნაპირას ბუჩქის ძირას
ვყვავილობ და მიწას ვფარავ.
                          ( ყოჩივარდა)

5
შემოდგომით ხის ტოტიდან
 დავეშვები სკაპა-წკუპით
და ჩემს ნაყოფს პატარები 
მიირთმევენ კნატა-კნუტით,
გემრიელი ნაყოფი ვარ 
ტანთ მაცვია ეკლის ქურქი.
                  ( წაბლი)

6
სოკოს ფორმას მიამსგავსებთ,
ხელჯოხსა ჰგავს მისი ტანი,
ავდარშიც და ცხელ ამინდშიც
ჩვენი დიდი მცველი არის. 
                           (ქოლგა)

7
ძნელი არის ჩვენი დათვლა 
როგორც ზღვაში კენჭების, 
მთვარიანი ღამე გვიყვარს, 
ცაზე ღამით ვენთებით.     
                                (ვარსკვლავი)

8
ტანგრეხილი მცენარე ვარ, 
სარს მიმაბეს სამაგრით, 
ხან მაღლიდან ვიყურები, 
ხანაც მქვია დაბლარი. 
                           (ვენახი)

9
გემრიელი ნაყოფი მაქვს, 
თავს ვიწონებ ბარაქით, 
ჩემი მადლით ბევრი გაქვთ
ჩურჩხელების მარაგი. 

მოკრეფისას ჯოხით მცემენ,
არ მიცოდებს არავინ,
სანამ ჩემს გულს მიირთმევენ 
თავს მიხეთქენ სანაყით. 

როცა ქვას მომიღერებენ 
სულ გამიდის კანკალი, 
ვინ ვარ იქნებ უკვე მიხვდით 
გემრიელი …
                        (კაკალი)

10
ძალზე დიდი ცხოველია
პაწაწინა პირით,
თუ მოუნდა დიდ შადრევანს 
ამოაშრობს ცხვირით. 
                                      (სპილო)

11
მის სხეულზე რას არ ნახავთ,
რაც კი ტყეში მარაგია,
ვაშლი, მსხალი, სოკო, მარწყვი,
მის ეკლებზე ალაგია.

                                    (ზღარბი)
12
შინაური ფრინველია,
 მისი ხმა მთელ სოფელს სწვდება,
 რაც არ უნდა ადრე ადგეთ
 ვერ დაასწრებთ გაღვიძებას. 
                                         (მამალი)

13
ფუღუროში დაბინავდა,
უყვარს წაბლი, თხილი,
ზამთრის საზრდოს იმარაგებს,
ვინ იქნება?  
                                     (ციყვი)

14
ხიდან ხეზე დანავარდობს,
ყირამალა დახტუნავს,
თუ ბანანის ხეს მიაგნო
სხვა საჭმელი არც უნდა. 
                               (მაიმუნი)

15
ერთი მითხარ ვინ ვერ იცნობს 
მის წვრილ და გრძელ კისერს,
ხის კენწეროს ისე სწვდება
არ სჭირდება კიბე,
თავს ასწევს და არ აქვს შიში
ხის ნაყოფს ვერ მისწვდეს.
                                  (ჟირაფი)

16
ტყის ნადირთა მეფე არის,
თავზე ადგას ფაფარი,
მის ღრიალზე შიშით კრთიან:
მგელი, ვეფხვი, აფთარი. 
                                         (ლომი)


17
პაწაწინა მწერი არის,
დღით არ უყვარს მას ფრენა,
ბნელ ღამეში დაფარფატებს,
ხან ანათებს, ხან ქრება.
                            (ციცინათელა)

18
მის კნავილზე თაგვს და ვირთხას
დაეცემა შიშის ზარი,
ძლიერ უყვარს ამ მჩხავანას
თევზი, ძეხვი, რძე და შაშხი.
                                      (კატა)

19
ვინ ყროყინებს ნეტავ მინდვრად,
ეს რა ჯიშის ცხოველია,
დიდთვალება ნაცარასთვის 
ტვირთი აუკიდებიათ. 
                              (ვირი)

20
ყოველ დილით გვეგებება 
ეს გულთბილი სტუმარი, 
ცაზე სხივებს რომ გაფანტავს 
 არის დღის საჩუქარი.
                                         ( მზე)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი