მთიული ბავშვების ფიქრი
— ეს ქვეყანა, ეს წალკოტი შენია და ჩემია, ჩვენი ბუდე ამ მთებშია, სხვაგან რა დამრჩენია. — თვალჭყეტელა ყვავილებიც ჩემია და შენია, ერთად დავწნათ გვირგვინები, მინდვრის მონართმევია. — ის წრიაპი ბილიკები ჩვენი გასავლელია, იმ მთის ექოც გვეუბნება: „ეს ქვეყანა თქვენია“. აქ მეძახის მთის ნიავი, მუხა ფოთლებს მიჩრდილებს, იქ, ჭიშკართან, დედა მელის — ვიცი, ჩემს მზეს იფიცებს. — ვაზს რომ წვეთი დასდინდება, ის წვეთებიც ჩვენია, პაპაჩემის თვალებიდან წამოსული ცრემლია. ეს სალხინო ვენახებიც ჩემია და შენია, მოვუაროთ, ვუპატრონოთ — ეს მიწა ხომ ჩვენია! იქ არწივი მთას ერთგულობს, მართვესა ზრდის მეფურად, აქ მე უნდა გავიზარდო ერთგული და დიდგულა. ეს ქვეყანა, ეს წალკოტი შენია და ჩემია, ჩვენი ბუდე ამ მთებშია, სხვაგან რა დამრჩენია. 12.04.2022 თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი