მგოსანთ სავანე


იმერელი ვარ, ჩემი კუთხე მეამაყება,
ამ ცა ფირუზზე ბევრი რამე ზღაპრის ფერია,
ზღაპრულ ეზოში ჩაფიქრებულს, აქ დიდ აკაკის
ლექსი სულიკო ერთ სუნთქვაზე დაუწერია.

მოდი მნახეო, გადმოგძახის ციხის კედლები
და როგორ გინდა არ მიხვიდე, არ ეამბორო.
ამ ციხის კედლებს, კედლებს შექმნილს სიყვარულისთვის
ერთხელ არ უთხრა, მოვედი და ახლოს გნახეო.

მიხვალ და ნახავ ხელის გულზე გაშლილ იმერეთს,
როგორ აფხიზლეს აქ ყვირილას ლოდს შეხეთქება,
ჩიხურას ვიწრო მოკამკამე ცივი ნაკადი
ყვირილას ხმიან კალაპოტში როგორ ეშვება.

აქ ფეხდადგმული როგორ გინდა გაცდე იმერეთს,
მგოსანთ სავანეს თვალი ერთხელ არ შეაგებო,
არგვეთის აღმართს არ აუყვე და არ აღმოგხდეს
მაჭავარიანთ მამულებში შვება ვნახეო.

აქ სხვაგვარია წყალიც, მიწაც, ხალხიც, ბუნებაც,
სიოც კი თითქოს ლექსის სტროფით გესაუბრება,
წყარო გიამბობს როგორ წერდა ლექსებს მუხრენი,
სულს უმშვიდებდა აშოლტილი მუხა მდუმარი.

ნაკადულებიც აქ მწერლების ენით მღერიან,
მორაკრაკებენ, თითქოს ლექსის სტროფებს ებრძვიან,
ვგრძნობ, აქ სამშობლოს სხვანაირი ფერთა ფერი აქვს,
აქ პოეტების და მწერლების დიდი გენია.

იმერელი ვარ, იმერლობა მეამაყება, 
ამ ცა ფირუზზე ბევრი რამე ზღაპრის ფერია,
ზღაპრულ ეზოში ჩაფიქრებულს აქ დიდ აკაკის, 
ციცინათელაც ერთ სუნთქვაზე დაუწერია.

                     თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი