მე გაზაფხულის ლოდინი მიყვარს


მე გაზაფხულის ლოდინი მიყვარს, 
მიყვარს ხალიჩა ტყის გაცოცხლების,
ტოტზე შეხსნილი ღილები მიყვარს,
მწვანე, ხასხასა, ნაზი კვირტების.

სუსხთან მებრძოლი ყვავილი მიყვარს,
ყოჩივარდები თოვლს შეკიდული,
თეთრ კაბიანი ენძელა მხიბლავს,
თეთრი ზეწრის ქვეშ მხრებ გამართული.

მე ზამთრის ბოლო ცივი დღეც მიყვარს,
სიახლეს თბილად კარს რომ გაუხსნის,
ყვავილს დაკრული პეპელაც მიყვარს
გაზაფხულს ფრთებს რომ ლაღად გაუშლის.

              თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი