ისევ უცდი
ვუყურებ ზღვას, ჩემი ჰორიზონტის გადაღმა, მოღუშულს და ტანზე მეცემა თქეში წვიმის ცივი წვეთები. ვუყურებ ზღვას და ვხედავ შენს სიღრმისფერ თვალებს, სინათლეს რომ აღარაფერი ესაქმება. დგახარ ნაპირზე, შენი სახლი გიმყარებს ზურგს, ხელებით გაგივსია თეთრი ბრიჯის ჯიბეები და უცდი , როდის მოიყვანს ტალღები ნავს, რომელსაც ერთხელ უკვე გაატანე ძღვენი. ბრუნდება ნიჟარებით სავსე, შენს სველ ფეხებთან ნიჩბებს ყრის და ყველა სიღრუიდან მამის ხმას გასმენინებს. მე რომ მოვედი შენი ფერი ქვებზე დავტოვე. ზურგთან ფეხისწვერებზე წამოწეულმა თეთრი ქუდი უსიტყვოდ მოგაძვრე, ხერხემლის საწყისზე გაკოცე და ამოყირავებულ ნავზე გავწექი. ვერ გავჩერდები იქ, სადაც ცეცხლთან თამაში სასიკვდილოა, სადაც დედები შავებში ბღავიან და შენ მამის ხმას უცდი ზღვიდან. მოდის ტალღა და ჩემს ნავს აცლის ფსკერს. სიგრძეზე ვერ დატეულ წვივებზე მკოცნის და ნერწყვს ბაძაყებამდე მადენს. სახეზე მახურავს შენი ქუდი და შენს სურნელს თან მივიყოლებ. რომელი ძღვენი ურჩევნია ზღვას, სხვისი ცოდვით გადაღლილი სული , თუ მრავალსისხლშემხმარი ქალწული? ქანაობს ნავი და ტკბილად მაძინებს მოქცევის ღუღუნი. ვხედავ სიზმარს _ ტალღები მითრევს და არ მაქვს მიზეზი შევეომო. მკლავზე მკიდებ ხელს და ფსკერიდან სინათლისკენ მიმათრევ. სახეზე მახურავს შენი ქუდი, ჩემი თეთრი კაბა კი ნაპირზე შენს გვერდზე წევს, სადაც ყოველ ნიჟარაში მამის თითო სიტყვა გესმის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი