დგას ავგაროზად , ჩემს პარმაღზე ..


დგას ავგაროზად , ჩემს პარმაღზე 
და ორივე მხარს ტვირთად ადევს ვაება ლოდი, 
ხელებით იჭერს, ბეჭზე შედგმულს, როგორც სავსე დოქს და თიხასავით ეფერება ქვის კლდოვან ფერდებს.
- რა გიჭირავს მანდ? _ ეკითხება პატარა ბავშვი, 
ოფლი რომ მოსდის ეზო-ეზო ბურთის თამაშთ.
- ლოდი._ პასუხობს ჩურჩულით და აუჩქარებლად 
და მელასავით გადაურბენს სწრაფი ღიმილი.
- ლოდი რად გინდა, განა მძიმე არ არის შენთვის_ უკვირს მეზობლის ტიტინა და მოუსვენარ ბავშვს.
კაცი კი ხელებს მეტად ხვევს და ეფერება თავის შეკოჭილ უბედურებას.
- ჩემი ლოდია, მე უნდა ვზიდო, თუნდაც ჩაფლობა დამიპიროს გვალვა-მიწაში, 
ადგილ-ადგილ დაბზარულსა და პირდაღებულში. 
- არ გეცოდება შენი თავი? ჰე, ბერიკაცო, დაგეხმარები!ბურთს გადავაგდებ და მე მივიტან შენს ლოდს შენს კართან.
- თუ ქვა ჩემია, ჩემივე ხელით უნდა დავფლა იმავ მიწაში, სადაც ვიპოვე, მაგრამ ჯერ არა, 
ჯერ საზრდოობს ქვეყნის ჭრილობით. 
მერე მოვძებნი იმავე მიწას, სადაც ჩვენ შევხვდით. 
საც დამიძახა, რომ ჩემს მხრებზე ჰქონდა მას ბინა. 
ცოდო არ არის მივატოვო ან თვითონ დავრჩე როგორც ჭურჭელი, წვეთითაც კი შეუვსებელი?
ქვა ყოველ ღამე იშლება მინდვრად, მდინარედ და ტყედ. მე კიდევ ვზივარ, ვუსმენ ჰანგების ბუნებისას და ვფარცხავ გონებას და ვმართავ ხედვას. 
ქვა რომ წაიღო, მე რა ვზიდო, რისთვისღა დავრჩე, თუ ქვა მოიცავს ქვეყნის ყველა ბედნიერებას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი