მიატოვე ( მღიერებით ტანჯული შვილი)
დამღიერებული ბავშვი ჩემს კალთაზე თვითონვე ირწევს აკვანს. მუხლებზე მჩქმეტს და უნებური მოძრაობით ვიყუჩებ ტკივილს. იცის არსებობის ფასი და შეუცნობლად იბრძვის მისთვის, სურს გადარჩენა და ყველა ხერხს მიმართავს. მატირებს, მატირებს, რომ ცრემლი მადინოს და ჩამოიბანოს დაკოპლილი, მომცრო მკლავები. მდინარედ ვიქეცი, როცა რუდ ყოფნაც არ მინატრია. თავქვე დავეშვი მყინვარწვერიდან და მოვბღავი, თუმცა ხალხი მხოლოდ იქაა, სადაც ხმა წყდება, სადაც წვეთებიც იღლებიან გაყოფისაგან... გორავს ბორბალი და ზედ შემორკალული მივეგორები... ათასი გორა გადავიარე, ათასი მთა-ტბა , მაგრამ ვერც ერთმა დაიძახა ჩემი სახელი... ვაჩვენე სახე და ისე შეცბნენ, თითქოს ავად ჩემი ბავშვი კი არა, თვით მე ვიყავი და მიფრთხოდნენ. მერე მეც შევკრთი (ასეთია კაცის გუნება) და მორიდება დავუწყე იმას, რაც იყო ჩემი. სად უნდა დავტოვო, გადავმალო ეს ავადმყოფი? მას ყველგან იპოვნიან, ჭაობის გარდა და კანით, სულ მთლად გაყვითლებულით, დავდე ფოთოლზე, ამ მატყუარა ტბას რომ ეფარა. გამოვიქეცი, ისევ ბორბალს ავეკარი და გამოვგორდი , მაგრამ სადაც კი გავიხედე იყო ჭაობი და ყველას ჰქონდა გამობმული ბავშვის თვალები, სულ ამღვრეული, მოძალადე, მკვლელი ზღვის ფერი. აქ უდაბნოა! აღარც ვიცი, ვის დავუძახო იქ , სადაც ჩემი მდინარეც კი მანამ შრება, სანამ გაივლის. ახლა ვზივარ და ჩემი ხელით ვარწევ იმ ფოთოლს , ტბას რომ ეფარა, შვილი რომ დავდე. არ, არ ვიცოდი, რომ საფრთხილო კვდომა კი არა, დაჩეხილი სახის შეკვრაა. ახლა ჩემს ცრემლებს აღარავინ იყენებს წამლად. ახლა მე აღარავის ვგონივარ ღმერთი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი