მა)წვიმს
ასაკზე გესხმებოდა ქაფი, გეხვეოდა და ნელ-ნელა გმატებდა გამოვლილ წლებს, გისველებდა თხემზე დაწყობილ მზისგან გაოქროსფერებულ თმას და თავისზე ამხედრებული მოყავდი აქამდე. შენ კიდევ ზიხარ, ჩემს მარცხნივ და გაჭირვებით, თუმცა წყალივით მეწაფები. შენი ხელები არც ერთისას ჰგავს , ვინც აქამდე მყოლია. უხეშად დასდით ზედმეტი ღარები და შემთხვევით თუ წავაწყდები დაუჩაგრავ კანს, რომელიც მომავალი ზამთრისთვისაა შემონახული. ტალღად იხრები ჩემი ყელისკენ და წვეთებივით დააგორებ თითებს მკლავებზე. მაწვიმს. გულისცემა გიხშირდება სწრაფი სუნთქვით და ლამის მტევანზე გადმომიგდო შენი ორგანო, ორგანივით რომ წაუშენს ხოლმე მილებს. მე, როგორც ნიმფატს , მაწვიმს და ჩემს გუბურაში კისრით მიგითრევ. ჩემს გაუმდინარ ტბას სცივა და მღვრიე საფარველი სანთლის შუქზე ირეკლავს ნაბოძებ სითბოს. ნაწილს იყოლებს სიღრმისკენ და ნაწილს გიბრუნებს, რომ არც თვითონ დაზარალდეს და არც შენ მიგაგდოს. ბჭობს, ბჭობს, ბჭობს. რაღაც აშკარა შეცდომაა კითხვის დასმაში, რადგან პასუხმაც ვერ მოაგნო ნაცნობ საძირველს. გიყურებ და ვცდილობ, შენი პროფილი ჰორიზონტს დავამთხვიო და დავაცეცებ მზერას თვალებზე, ტუჩებზე , წვერზე. შენი პროფილიც არც ერთისას ჰგავს , ვინც კი მყოლია. თაღივით ხურავს ფართო თვალებს ხშირი წარბები და გაოცებით შუბლისაკენ მიიწევს ხოლმე, ხან ცალი მარტო, ხანაც ორივე. დუღს ეს ქალაქი, სადაც შევხვდით წითელ დაისს და მაინც შენი მხურვალება მცხელა. იმდენად მცხელა, მიკანკალებს ვიწრო მუხლები და დასაყრდნობად ვებჯინები შენ კაცურ ხელებს, უსიგარეტოს, ანდაც ანაცვლებ. აივანს ხვდება მზის ჩასვლისგან ხანგრძლივი და ცივი სიო და რომ ვერც ერთხელ მომეკაროს ზურგზე მეკრობი, მქაჩავ პერანგზე და ტანსაცმელს მიყრი საწოლზე, ჩემზე გადაცმულს. მერე ცხელდება ბალიშები , მე კი ვკანკალებ. ჭიანჭველებად დამიგორავს შენი ხელები და წამითაც კი არ მინდება გაგაშვებინო. მკლავებს, ბარძაყებს, თეძოებს და პატარა მუცელს სცივა სითბო და ეცხელება უცხო ნაყენი. და წამითაც კი არ მინდება , რომ მოგიშორო. არც მხრები და ბეჭები გაქვს ვინმეს მსგავსი და უცხო ხარ, სრულიად უცხო. წვიმს. მე _ ნიმფატი მკლავზე გახვევ ახალ პირსახოცს და როგორც მწვანე ჭაობს შვენის , ნელა მიგითრევ. წვიმს და ისიც კი არ მიყვარდა რომ სხვას აწვიმდა, ახლა წვიმა და ზღვის ტალღები მივსებს სიგრილეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი