,I am my own biggest enemy''
მე საკუთარი თავის უდიდესი მტერი ვარ, ვამტვრევ სახლის ფანჯრებს და მზეს ვაძლევ უფლებას კანი დამიკუჭოს. მე საკუთარ თავს ჩავჩურჩულებ, რომ ცდება და მეტად ვურთულებ გზის არჩევას. მე ვუწყობ მას გამოცდებს , რომ უფრო ძლიერი გაიზარდოს, ის კი კვდება, თუმცა სიკვდილშიც პოულობს ჩემგან დაგებულ მახეს. მიყვარს და მძულს, ვებრძვი და ვეხმარები, ვძირავ და საშველად მივექანები. კლდეზე ჩამოკიდებულს, სწორედ იმ ცალ ხელზე ვაბიჯებ, რომელშიც შედარებით შერჩენია რწმენა, რომ ვატკინო და უფსკრულისგან ვიხსნა. მე ვზივარ საკუთარ თავთან, სარკის წინ და ნაკვთებზე დავცინი, ხანდახან ვეფერები და ვეუბნები როგორი კარგია. ვსხედვართ და ვხუმრობთ საკუთარ აზრებზე და გარკვეულ შეხედულებებზე. თითებზე ვითვლით მოშორებულ ადამიანებს და ოთხი ხელი არ გვკმარა. ვხვდები, რამდენად ძვირფასი და უფასური ვარ ჩემივე თავისთვის, როგორ ვჩუქნი და ვართმევ სხვადასხვა სხეულს. ჩვენ ერთად ვღიღინებთ აჩემებულ სიმღერას და ერთმანეთს ყალბ ბგერებს ვუსწორებთ. თმას ვვარცხნით და აუხდენელ ოცნებებს ვარჩევთ, ვაი და ახდეს. მე საკუთარი თავის უდისესი მტერი ვარ, ყველგან ვეძებ სარკეს, რომ მეს მე დავანახო და ვაჩვენო , რომ არ არის მარტო, რომ ცალკე მოგვიწევს საუბარი (ხალხშიც). ის თავისთვის აშენებს კედელს , მე ჩემთვის და ვერასდროს მიგვყავს ბოლომდე. მე საკუთარი თავის უდიდესი მტერი ვარ, რადგან მარტო დარჩენილს მარტოობასაც არ ვაცდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი