ლიფტში


ლიფტში გავიჭედე. პირველი რაც გავაკეთე, საფულე მოვისინჯე შარვალში. რა თქმა უნდა  დამრჩა. პირადობის მოწმობა მიდევს შიგნით, შარშან გამოვცვალე. საშინლად გამოვიყურები ფოტოზე, სამაგიეროდ, სილვესტრის ლიბიკა, ჩემი სახელი და გვარი ჟღერს, როგორც ბოლო სტადიის დერმატოზით დაავადებული პროვინციელი პოეტის ეპიტაფია, რომელიც საზოგადოებრივი ტუალეტის კედელზე ამოკაწრეს გაურკვეველი წარსულის ადამიანებმა.
   ლიფტი გაიყინა. ზუსტად მეოთხე და მეხუთე სართულებს შუა, იმ საკრალურ წერტილში, სადაც, წესით, მუდმივად უნდა ტრიალებდეს ვიღაცის მარადიული სევდა, ხახვის მოშუშვის სუნი და საბჭოთა მემკვიდრეობის მყრალი აურა. და ამას ემატება ის ფაქტიც, რომ მაქვს კლაუსტროფობია და მაქვს ალტოფობიასთან ერთად. და როცა შემომიტევს ერთი ან მეორე, სულაც ერთად ორივე, სულ მახსენდება ალბატროსი, ცის გიგანტი, უზარმაზარი, დიდებული მონსტრი, რომელსაც ჰაერში თანაბარი არ ჰყავს, მაგრამ მიწაზე, ან ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საბჭოთა პანელური კორპუსის ჟანგიან მუცელში, სასაცილო, ტლანქ, დამწყვდეულ საცოდაობად იქცევა ხოლმე.
   ალბათ ყრანტალებს კიდეც. არასდროს მომისმენია მისი ხმა, მაგრამ ის უფრო მაინტერესებს, როგორ ეტევა ამხელა კოლოსი საკუთარ თავშივე. ნეშენალ ჯეოგრაფიკზე მოვისმინე, ყველაზე დიდი მფრენი ფრინველი აფრიკული სავათიაო. ფრთა მოკეცილი კი. აბა, გააშლევინეთ ალბატროსს ფრთები! ისეთი თავდაჯერებულია, რომ შეუძლია მოდუნდეს და ცაში დაიძინოს. მე აქ ვარ, 2 კვ.მ-ში გამოკეტილი და 12 კვ.მ-იან საძინებელში მძინავს. ის კი ცის ბინადარია. არაფერია იმაზე საცოდაობა უყურო ალბატროსს, ფრთამოკეცილს, გემბანზე მჯდომს.
   ლიფტი დგას. დგას უძრავად. ცივად. ჰაერი კი სულ უფრო ილევა. ტელეფონის ეკრანი აციმციმდა, სამი პროცენტი. კლასიკური თბილისური ტრაგედია. არც ინტერნეტი, არც დისპეტჩერის ხმა, მხოლოდ სილქნეტის ავტომატური შეტყობინება, რომელიც ალბათ ზუსტად მაშინ გამომიგზავნის ბალანსის ამოწურვის შესახებ SMS-ს, როცა სულს განვუტევებ: გთხოვთ, შეავსოთ ანგარიში. სიკვდილის წინაც კი ვიღაცის ფული მევალება.
   კედელზე გაუნათლებელ ხელს მარკერით მიუწერია, გიო მგელია მაგარია. გიო მგელია ალბათ უკვე ლომბარდთან დგას გარეუბნის და იპოთეკით ნაყიდი აიფონის კრედიტს იხდის, მე კი აქ ვდგავარ, საკუთარ ოფლში გაწურული, და ვცდილობ გავარკვიო, რა უფრო მეტად მამცირებს, ეს ჟანგიანი, ორკვადრატულიანი ლითონის ყუთი თუ ის ფაქტი, რომ ტრაკზე ხელი თავის დროზე ვერ მოგისვია კაცს, რომ საფულე სახლში არ გრჩებოდეს. 
   ბოდლერის დედაც ვატირე თავისი პოეზიით, თუკი ამ წამს ისიც არ იზიარებს ჩემს ეგზისტენციალურ პანიკას. ალბატროსის უშველებელი ფრთები, წესით, ოკეანის ქარებს უნდა ჭრიდეს, მაგრამ აქ, მეოთხე და მეხუთე სართულებს შუა, ეს ე.წ. საფრენი საშუალებები უბრალოდ ხელს მიშლის, რომ ჩემივე ოფლიან ჰიპსტერულ ჰუდში კომფორტულად ვიყო.
   კლაუსტროფობია და ალტოფობია ერთმანეთს ებრძვიან ტვინში, როგორც ორი უნიჭო რეჟისორი ერთმანეთს დაბალბიუჯეტიანი კინოფილმისთვის. ერთი მხრივ, მეშინია, რომ ეს ყუთი საბოლოოდ დაპატარავდება, პირადობის ფოტოსურათის ზომამდე, რომელსაც მერე დიდი იმედი მაქვს არ გაადიდებენ და არ დაახატავენ საფლავის ქვაზე, მეორე მხრივ, ალტოფობია მახსენებს, რომ ქვემოთ, ამ ლიფტის შახტის უფსკრულში, კიდევ რამდნიმე მეტრია დარჩენილი, საბჭოთა სიღრმემდე, საიდანაც უკან არ ბრუნდებიან, ან თუ ბრუნდებიან, აუცილებლად პოლიტიკური პარტიის დროშით ხელში.
   მე არ ვარ ალბატროსი, ან თუ ვარ, მხოლოდ, მიწაზე დაჭყლეტილი, რომელსაც ბავშვობაში დედა ეუბნებოდა, რომ ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი, სინამდვილეში კი უბრალოდ ვერასდროს ისწავლა ნორმალურად სიარული ამ ორფეხა ბიუროკრატების სამყაროში.
   ლიფტიც ალბათ დაიძრება ცოტა ხანაში, როცა ჰაერს ზუსტად ისეთი გემო ექნება, როგორიც ჩემს ბიოგრაფიას, მწარე, უაზრო და ბოლომდე აუსრულებელი. ტროსები დაიწრიპინებს, სიკვდილისა და დაბადების სიმფონიას ერთდროულად. თითქოს ამპუტაციაგადატანილი ანგელოზები გოდებენო. ზემოთ აფორთხდება, სულ ზევით, ზევით, ნელა, მძიმედ, თითქოს მრავალსართულიანი კორპუსის ბეტონის ხორცს, გააფთრებული, კბილებით გლეჯდეს. 
   მე კედელს მივეყუდები. თავს რკინის ცივ, საღებავგადაქერცლილ ზედაპირს მივაჭყლიტავ და თვალებს დავხუჭავ. წარმოვიდგენ ალბატროსს, რომელიც აღარც დაფრინავს და აღარც დადის, უბრალოდ წევს გემბანზე, გარშემო კი მეზღვაურები უდგანან, იცინიან და თუთუნის ბოლს აბოლებენ ნისკარტის ხვრელებში. 
ამასობაში, მახსენდება კაცი, რომლის სახელიც პოსტმოდერნისტულ ანეკდოტს ჰგავს, ხოლო ცხოვრება, ცუდად თარგმნილ ფრანგულ რომანს, სადაც მთავარი გმირი პირველივე თავში კვდება უაზრო ინფექციით. გინდაც ლიფტში და გინდაც ტექსტში გაჭედილი. 
   და რატომ არ უნდა ვიყო ეს კაცი მე? გახსენება საკუთარი თავისაც შეიძლება. სახელისაც. სახისაც. სახეცვლილის თუნდაც. სახელგამოცვლილისაც. წესიერ რომანებში ასეთ დროს მთავარი გმირი სიგარეტს უკიდებს, ფანჯარაში იყურება და წვიმას აკვირდება. მე კი არც სიგარეტი მაქვს, (არც ვეწევი) არც ფანჯარა და წვიმის ნაცვლად ჩემივე იღლიის სუნი მცემს. მთავარ გმირობაზე რომ საერთოდ აღარაფერი ვთქვა. პროზის ჟანრობრივ ვარიანტებს რაც შეეხება, უფრო მინიატურაა და არა რომანი. მინიატურაც რა, არავითარი სიუჟეტი, არც მისი განვითარება, არავითარი კულმინაცია, დრამატული ხსნა. მხოლოდ მეტალი, ბეტონი, ოფლი. არადა რამდენი სხვა სამი სიტყვა მოისურვებდა მათ ადგილზე ჩაჯდომას, როგორც ტრიადა ფილოსოფიურ ტრაქტატებში. ვთქვათ კაბინა, ეკრანი, გვამი. წარსული, აწმყო, მომავალი. სუნთქვა, გულძმარვა, სპაზმი. სარკე, ანარეკლი, ადამიანი. ნიფ-ნიფი, ნუფ-ნუფი, ნაფ-ნაფი. და ასე შემდეგ.
ლიფტი დგას, დგას, როგორც კაცი, გულჩათხრობილი ვინმე. მე კიდევ, როგორც ავი გულისთქმა, გამოუთქმელი მის გულში ვრჩები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი