აჰა, ქალი
იცი, ასე მგონია სამის ვარ და არა ოცდასამის და ვზივარ არა სინაგოგის, არამედ ჩემი მშობლების სახლის პატარა ეზოში, მზედაფრქვეულ ქალაქ ლოდში, ზაფხულობით ცხელსა და ვარვარაში, ახლა, როცა ყველაფერი დასრულდა. იცი, ამ ქვიშას, ტალახს, ნესტიან სილას, ჩემი ცრემლებით გაჟღენთილს, იცი, ბავშვობის მოგონებებში გადავყავარ მშვიდად, როცა ჯერ კიდევ დაუნაწევრებელი და მთლიანი იყო სამყარო. როცა, აი, ასე, ტრუსის ამარა, ტიტლიკანა ვიჯექი სილაში და პასკებს ვაცხობდი ჩემ დებთან და ძმებთან, მეზობლის ბავშვებთან ერთად, უდარდელად, ლაღად. ვაცხობდით და ვაცხობდით და მერე ვშლიდით და ვუშლიდით ერთმანეთს. ჰოდა, ხომ ვუშლიდით, ხომ ვანგრევდით ახლად გამომცხვარ სილიან პასკებს, მაგრამ მაინც არ გვწყინდა. ცოტათი, მცირე ხნით თუ გავბრაზდებოდით მხოლოდ, ვიჯუჯღუნებდით ერთხანს და მერე სწრაფად გვავიწყდებოდა წყენაცა და ახირებულობაც და ახლიდან ვიწყებდით ცხობას. წვიმს. ეგრეც ვიცოდი. რამოდენა სატირალი დაგროვებია ცასაც. ეგღა მაკლდა ტირილში გამჯიბრებოდა. სულ არ მჭირდებოდა მაგისი უხვწყლიანობა, მე, ჩემი ცრემლებით დაგინამავდი საფლავზე მიწას. ადონაი, ღმერთო ჩემო, აღარ ვიცი რა ვუშველო, რა ვუშველო ამ ფრჩხილებში ჩამჯდარ ტალახსა და მტვერს, სულ რომ ჩამახმეს ეს ჭუჭყი სამუდამოდ მერე რაღა ვქნა? არა, განა იმას ვჩივი ფრჩხილებდამტყდარი და წუმპეში ამოგანგლული რომ ვაგდივარ, არა, ჭირსაც წაუღია სილამაზეც, სისუფთავეც, სილაღეცა და ხიბლიც, შენთვის რაც მინდოდა და მემეტებოდა, შენ რომ გეპრანჭებოდი თორემ, ისემც უქნია, მიწას პირი უყვია და ჩაუტანია შეოლამდე, თუ შენ აღარ შემომხედავ და აღარ ამიწვავ კანს მზერით. ადონაი, განა ამაზე ვწუწუნებ, ბინძურ ძაღლს რო ჩამომიგავს ცხვირპირი, ის მედარდება, იმ იმედგაცრუების, იმ სასოწარკვეთის გასახსენებლად არ მექცეს ყოველ წამიერად ტანს რომ მისერავს შიგნიდან და გულს მიგლეჯს ნაწილ-ნაწილ, ყოველ ამოსუნთქვაზე ლავასავით გახურებულ ბალღამად რომ მოუყვება ყელს და ჩემი პირიდან და ნესტოებიდან, როგორც კრატერიდან, ვულკანივით იფრქვევა ცხელ ოხშივრად და ოხვრად, თვალებიდან კი ღვარაღვარა მდის ცრემლები, როგორც გეიზერები. ვერა, ვერ გავუძლებ. არ ვიცი მწყინდეს, თუ მიხაროდეს, მოვთქვამდე ძალუმად, თუ მუცლის ტკივილამდე ვხარხარებდე. ეს ხომ ის მიწაა, იმ მიწის ტალახია, შენი საფლავის მიწის, იმ შავმიწის გულზე რომ გაყრია და შენამდე მაშორებს. ვინძლო ამოვთხარო ამ ჩემი რბილი ხელებით და დაგეკრა ზემოდან, დაგეწებო და დაგახმე ისე, რომ ვეღარც მიწამ, ვეღარც ცამ, ვეღარც სიცოცხლემ და ვეღარც სიკვდილმა ვეღარ განგვაშოროს. ადონაი, ღმერთო ჩემო, არ დაიღალე, არ მოგწყინდა ამდენი ლაყაფის მოსმენა? ვაი, რომ ძალიანაც მოგბეზრდა ალბათ, მაგრამ ვეჭვობ იმ სიტყვას ვერ გადადიხარ ნოეს ხანებში ცისარტყელას ბრჭყვიალა ფერებად რომ გამოუჩინე შენს რჩეულს ღრუბლოვან ცაზე. განა ზოგზოგიერთებს გავხარ სიტყვას რომ მოგცემენ, გულში ცეცხლიან ქარბორბალას ჩაგიდგამენ და მერე ავიწყდებათ თავისი დანაპირი, ამ ვაჟბატონივით, იესესავით, ჩემი იესე, ჩემო სიცოცხლე, რა ვქნა, ვერ გპატიობ, ვერ გპატიობ, რომ დამიჯერე, რომ დამიჯერე და გამომართვი ის დასაწვავი ფედორა და პეიოტის პარიკი. რატომ ლოტის ცოლივით მარილის სვეტად არ ვიქეცი და არ დავმუნჯდი, რატომ არ გავქვავდი ადგილზე? ხომ იქნებოდი ცოცხალი ახლა და გვერდით მეყოლებოდი?! მაგრამ არა, მე ხომ სულ ასე მჭირს, როცა ვჩქარობ, სამყარო ნელდება და როცა ვნელდები, სამყარო ჩქარობს. ხომ ვერასდროს დავემთხვიეთ ერთმანეთს, რომ ცოტათი მოვეშვა, მოვდუნდე, გავირინდო წამით და მივეცე მყოფობის უმსუბუქეს ჰაეროვნებას. ეგ მხოლოდ ერთხელ მოხდა, ისიც მაშინ, როცა ჩვენმა თვალებმა ზუსტად იცოდნენ, როგორ მოეძებნათ და ეპოვათ ერთმანეთი და იპოვეს კიდეც. მას მერე, სადღაც შუაში არასდროს ვარ. ხან ერთ ბოლოს მიმახეთქებს საშინელი გრიგალი, ხან მეორე კიდეს − მძლავრი ქარიშხალი. და აჰა, ვდგავარ ამ უზომობის კიდესთან, ან არც ვდგავარ და უბრალოდ აიღეს და დამდეს უფსკრულის პირას, და ზუსტად ვიცი რომ არ ვარ ღმერთი, მე ჩემი ფეხით არ მოვსულვარ აქ. მე ეს არ მისურვია, ადონაი, მე ღმერთი არა ვარ, მიუწვდომელ ქაოსის თავზე, წყლებს ზემოთ ვიტივტივო, ვიცურო, ვიარო წყალზე. მეც ჩვეულებრივი გოგო ვარ, ქალი, ამ ხრამში თავდაყირა გადაშვებული ადამიანი და ვექვემდებარები გრავიტაციულ სივრცის უკმარისობას. მე, შენს ანას, ერთდროს მზესავით გოგოს, ახლა კი მტვრად ქცეულს ვარსკვლავებს შორის, გუშინდელი დღესავით ცხადად მახსოვს პირველად რომ გნახე საქართველოს, ამ ულამაზესი ქვეყნის, ულამაზეს კუთხეში, ნაძვნარს, ფიჭვნარსა და სოჭნარში ჩაძირულ პაწაწუნა დაბაში სახელად წაღვერში. მე, ზღვის წიაღში გაზრდილი, რას წარმოვიდგენდი ასეთი უშველებელი ენერგიის წყარო თუ იქნებოდა მთა და ტყე. მეგონა მხოლოდ ზღვა იყო დაუშრეტელი ძალის შემოქმედი. რა დამავიწყებს იმ სუფთა ჰაერს, მთებიდან მონაქროლ გრილ და ამავე დროს საამოდ მოლამუნე და ნაზ სიოს და მერე გაზაფხულს, შენი უკეთილშობილესი ბებიის სახლის ბანზე მწვანე სქელ ბურუსს, ბურუსს კი არა, ნაძვის ქორფა გირჩებიდან ადენილ საამო სურნელით გაჟღენთილ მტვერს, რომელსაც უნდა ვუმადლოდე ჩემი სუსტი ფილტვების გადამკიდე ინჰალატორი რომ აღარ მჭირდება აწი. ვითომ დიდი არაფერი, ჩეულებრივი ამბავი იყო, მე მდგმური ვიყავი დედაჩემთან და ჩემ დებთან ერთად, შენ, მასპინძელი, თუმცა მდგმურს უფრო გავდი, სანამ არ აღმოვაჩინე, რომ უსაყვარლესი ლამრო ბებოს შვილიშვილს, იესეს გეძახდნენ. ლამრო ბებოსას, უგემრიელეს ხაჭაპურებს და ნაზუქებს რომ გვიცხობდა. ახლაც მიდგას პირში მათი გემო. მაინც რა იყო ეს, რამ ჩაგაცვა სოფლად, არა, მერე კი მივხვდი პიჯაკი, ჰალსტუხი და პერანგი ყოველდღიურ სამოსად რომ გქონდა აჩემებული. განა ისე, პრაზდნიკებზე რომ იცვამენ, ან მხოლოდ პოლიტიკოსებს და ბანკირებს რომ აცვიათ. ეგ მუქი ლურჯი პიჯაკი, მომწვანო-მოლურჯო ყავისფერკოპლებიანი ჰალსტუხი, კვანძთან გალანტურად დატალღული და ცისფერი პერანგი, ისე ბუნებრივად გამოიყურებოდა შენზე, ისე მსუბუქად, ისე ჩვეულებრივად, და ამავე დროს ისე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდი, უბრალოდ შეუძლებელი იყო ამის გატარება, ამის არდამახსოვრება და შთაბეჭდილების ქვეშ არ მოყოლა. მერე ეგ სუნამო, ეშმაკმა დალახვროს, რა სურნელს აფრქვევდა, იტალიური ბერგამოტი, სიცილიური მანდარინი, იაველური პაჩული, ინდონეზიური უდი და ფლორენციული ზამბახი, ამ შეთქმულთა ალყაში მოქცეულს, არანაირი შანსი არ მქონდა გამეძლო, წინ აღვდგომოდი მათ ჯადოსნობას. ვერცერთი ქალი ვერ გაუძლებს ასეთ ცდუნებას. შენც ანა, შენც ქალი ხარ, ხომ იცი, ქალი ხარ შენც და არა რობოტი, მანქანა, უსულო და უგულო ფოლადის, ან ალუმინის გროვა. შენს ძარღვებსაც თბილი სისხლი აუვლჩაუვლის და გრძნობების და ემოციების ტყვეც ისე ხარ, როგორც დაგიბარებია, როგორც ჩიტი გალიის, რა გინდა, ვერ გადახვალ, უმალ, ცა და მიწა გადავლენ, შენ კი სულ ასე იქნები, როგორც ჩიტი გალიაში, როგორც მუჭში პეპელა, იფრთხიალებს შენი გულიც, სანამ არ შენელდება, იესეს სწორად და საბოლოოდ არ დაუთმობს სარბიელს მარად ჯიუტ უძრაობას, სიცარიელეს, არაფერს. რას იზამ, არაფერია. ეგაა არაფერი, ვერაფერს უზამ. შეეგუე, შეეწყე, მერე რა, ხომ, ჩამოვიდა, ჩამოგაკითხა შენს მიწაზე, შენც ხომ დაუკითხავად შეეჭერი? რა გინდოდა, დატეულიყავი, ააა, ფილტვები, ჰო, ჩემი სუსტი და უნიათო ფილტვები და ნაძვის და ფიჭვის მაკურნებელი გირჩების მტვერი. აი, ახლაც, ახლაც მადლიერებით ვივსები არა ლიბანის ნაძვების, არამედ წაღვერის ტყის ნაძვნარის მიმართ. შენც იესე, შენც ამ ხეების შვილი ხარ, მიწის შვილი, მიწათმოქმედი მოდგმისა. კარგი ჰო, შეგვიყვარდა, შეგვიყვარდა ერთმანეთი, დიდი ამბავი, ვის არ შეყვარებია. ეს სიყვარულიც ისეთივე ბებერია, როგორც ჰომეროსი, ილიადა, ჰელენე და პარისი, ჰექტორი და ანდრომაქე, თანახისეული სალმონის ძე, ბოაზი და მოაბელი რუთი. ან კიდევ, ვინ იტყვის ჩვენზე, ანა კარენინასა და ვრონსკივით, ელიზაბეტ ბენეტსა და ფიცუილიამ დარსივით, ჯეი გეტსბისა და დეიზი ბიუკენენივითო? აქ და ახლა, ამ დელგმაში, ამ ლელეხში, ამ მოლზე, აი, აქ, როცა ყველაფერი მორჩა, როცა უკვე ვფიქრობ, რომ ყოველივე სულ სხვაგვარად შეიძლებოდა ყოფილიყო, და, რომ ასე სწრაფად მოხდა ყველაფერი. როცა ვიცი უკვე, წარმომიდგენია, წარმომიდგენია რა ვიცხოვრეთ, რანი ვიყავით, რა გავაკეთეთ და სადამდე მივედით, ასე უცბად, ოღონდ, წარმომიდგენია არა მომხდარად, წარსულის ლანდად, სულთან ჩასაფრებულ მრუმე აჩრდილად, არამედ მომავლის ზმანებად, წინასწარმეტყველებად, გარდაუვალობად, თითქოს წმიდათაწმიდას კრეტსაბმელთან ვდგავარ ხელებაპყრობილი და ცოტაც და გადავწევ, ცოტაც და ყველა საიდუმლოს ფარდას ავხდი, როგორც მაშინ, წარსულში, რომელიც მომავლიდან გვიმზერს, იქ, შენს სოფელში, გაზაფხულის მცხუნვარე დღეს, საღამო ხანს, მდინარის პირას დავდებთ პირობას, რომ ვიქნებით ერთად, შენ ჩამოხვალ, ჩამომაკითხავ ისრაელში, ლოდში. გაიცნობ მამაჩემს ეზრას. იცი, თითქოს გული გიგრძნობს, რომ შეუყვარდები, შვილივით შეგიყვარებს, როგორც თავის ძეს, დაკარგულ ვაჟებივით, მან ხომ ორი ძე დაკარგა ღაზას ომში 2008 წელს და შენ აგონებ ერთ-ერთ მათგანს, გერშონს, უყვარხარ, უკვე უყვარხარ, დანახვისთანავე შვილად მიგიღებს და გულში ჩაგიკრავს. მას მხოლოდ ჩვენ დავრჩით, სამი დანი, ვაჟები აღარ ჰყავს, ჰყავდა და აღარ ჰყავს. და, აი, გამოჩნდები შენ, შენს პიჯაკსა და ჰალსტუხში და ცისფერ პერანგში. არა, ჩემ ძმას მასე არ ეცვა ხოლმე, მაგრამ მამა სახეზე მოგჩერებია, გიყურებს და შემოგციცინებს სახეში, თვალები უწყლიანდება და ამავე დროს გამოუთქმელი სიხარულით ევსება სხივოსანი სახე. მოგჩერებია მაგ უძირო, ჭროღა თვალებში, ჟღალ წვერზე და თითქმის ქერა თმებზე და ლამის იტიროს სიხარულისგან. თითქოს, ვაჟი დაბრუნებოდეს. კაცობრიობის დაუძინებელი მტერი, სიკვდილი მოეტყუებინოს როგორღაც, აღმდგარიყოს და მამას მიახლებოდეს. ო, როგორ ეყვარები რომ იცოდე, როგორ ეყვარები. ჩვენს სიყვარულს დაჩრდილავს ისე. გეუბნები, მასე შეგიყვარებს და ყველაფერს მოგცემს რაც აბადია, ყველაფერს. და რა აბადია? რა აქვს მამაჩემს? მამაჩემს სანამ რამე ექნება, ჯერ უსაყვარლესი ცოლი ჰყავს, დარა. რაღა ეგენი და რაღა ადამ და ევა, გიჟდებიან ერთმანეთზე. სულ მიკვირდა დედაჩემის, რომ უჩენდა და უჩენდა ამდენ შვილს, მაგრამ რა ექნა, უყვარდა, გიჟდებოდა. შეაბერდნენ ტკბილად და თბილად ერთმანეთს, და მაინც, რა აქვს ეზრას, მამაჩემს, რა აბადია? სახლი აქვს, საკუთარი სახლი ჰაიმ მოშე შაფირას ქუჩაზე, მოვლილი ეზოთი, ხეხილით, გაკრეჭილი გაზონით და, მაღაზია. წესიერი კაცია მამა. მამას პარფიუმერიის მაღაზია აქვს ლოდის მოლში. მალე მოშინაურდები ჩვენსას, თანაც, მამას დამხმარე არ აწყენდა მაღაზიაში, იქნებ გაფართოებაზეც ფიქრობდა და ვერ გვიბედავდა თქმას მე და ჩემ უმცროს დებს? სწავლას ვერ მოგვწყვეტდა, მერე სავალდებულო ჯარს და აჰა, შენ გამოჩნდები და თითქოს, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. არც იმას იუარებს ჩვენ სახლში იცხოვრო, მაგრამ ჯერ ადრეა. შენ არ იზამ ამას. ბინას ირჩევ ცალკე დროებით. არც ეგაა პრობლემა, სადაც არ უნდა იყო, ყველგან გნახავ, ყველგან გამოგყვები, აქ რომ მეგულები, ორ ნაბიჯზე ხომ საერთოდ, აქ, ჩემთან, ლოდში, ან, თუნდაც რამლაში. ზმანებასავით იქნება ეს ყოველივე და ღამეულ მოჩვენებად და სწრაფად ჩაიქროლებს და სწრაფად გაუჩინარდება ნისლიან სივრცეში. მაგრამ ჯერ ადრეა, ჯერ დრო გვაქვს, დრო გვაქვს, რომ მოვეხვიოთ ერთმანეთს. ჩვენი ტუჩები ერთმანეთს მიეკვრება და მიეწებება. შენი სუნთქვა ჩემი გახდება და ჩემი, შენი. ცოტაც და ერთხორცად ვიქცევით, თუმც ჯობს ყველაფერი წესისამებრ მოხდეს. მამაჩემი წესიერი კაცია. ჩვენ უნდა დავქორწინდეთ, უნდა შევუღლდეთ, ისეთივე მრავალჟამიერი ოჯახი შევქმნათ, როგორიც ეზრა ლევანონისაა. შენ არ ინაღვლებ, ამის უფლებას მამა არ მოგცემს, გზას გაგიკაფავს, ზურგს გაგიმაგრებს, ზურგის ქარად გექცევა ბიჭო, იესე, და შენც გაშლი ფრთებს, გადაუვლი ყომრალ მიწებსა და ფერფლოვან სანახებს. საით წახვალ ნეტა, გული საითკენ გაგიწევს, თავისუფალსა და ლაღს თუ გეყვარები ისევ? რა ცოტა გვაკლდა პირობამდე, ქეტუბამდე და მე ჩერჩეტმა, ჩემი სულსწრაფობითა და მეტიჩრობით დაგმართე ის რაც დაგმართე. კი მაფრთხილებდა რაფაელი, ბიძაჩემი, ნუ ცელქობ, ნუ ცქმუტავ, მოიცადე, ყველაფერს თავის დრო აქვსო, მაგრამ არ დავუჯერე, მაინც გაჩუქე შენს დაბადების დღეზე ფედორა და პეიოტის პარიკი. ვინ ჩუქნის ასეთ სულელურ საჩუქარს შეყვარებულს, ვინ? და არ დააყოვნა ბედის სიმუხთლემ, მე შენ გეტყვი და ჩასაფრებული არაა იეცერ ჰარა გულის კართან, თუ უბედობა არაა ატუზული ყოველ კუთხეში ამ ერთდროულად დალოცვილ და დაწყევლილ მიწაზე. იერუსალიმ, შენ ხომ დედა ხარ, ხომ გესმის, ხომ გესმის, ის, რაც მე არ დამცალდა, ამ ჩემ იესესთან. მე ხომ ვეღარასდროს ვიქნები მისი შვილების დედა და შენ, მრავალშვილდატირებული, ხომ მაინც ბედნიერი ხარ, დედაო, შენ ხომ დედა ხარ. მე რა ვქნა, მე? ადონაი, ხომ იცნობ ალ-ლაჰს, ალ-ლაჰს ხომ იცნობ, ხომ სწორად მჯერა, რომ იცნობ ალ-ლაჰს? ვიცი, რომ იცნობ. შენ ხომ ყოვლისმცოდნე და ყოვლისმცნობი ხარ? იცნობ და უგებ. ცაში გაგება, მიწაზე კი, გაუგებრობაა. თქვენ თუ ეტევით ცაში, ჩვენ რატომ ვერ ვეტევით ამოდენა ბურთზე, ამხელა ხმელზე და წყალზე, რატომ ვერ ვუგებთ ერთმანეთს ადამიანები, რატომ ვერ ვუგებთ? იესე, ჩემო ბიჭო, ერთ ჩვეულებრივ მზიან, ბრდღვიალა დღეს, ისრაელის ცხელ და ალმურავარდნილ მიწაზე, მამის პარფიუმერიის მაღაზიიდან გამოხვალ, რომელიც უკვე შენიცაა და ჩემ სანახავად დაიძრები გახარებული. გინდა, რომ გამახარო შენი ხილვით, თავზე ფედორათი და საფეთქლებთან პეიოტით, ჩემი ნაჩუქარით. გინდა დამენახო და როგორც შენ ამბობ ჩემს მოხორბლისფრო მბზინვარე კანს, ქრიზოლიტისფერ თვალებს, სქელ და ქარაფებივით შეყენებულ წარბებს, თხელ და ვარდისფერ ტუჩებს, სიხარულის ჩრდილმა გადაურბინოს, არა, ჩრდილმა კი არა ალმურმა, მხურვალებამ, სიცხადემ. ბავშვივით მოიჩქარი ჩემკენ მშობლების გახარება რომ უნდა. და, აი, გამოხვალ მოლიდან და ავტობუსის გაჩერებასთან დადგები. ავტობუსს დაელოდები, რომელიც ჩემთან მოგიყვანს. დადგები სახეგანათებული და ჩემზე ოცნებებში ჩაძირული და იქნება მშვიდობა შენს გულში და სიყვარულავსებული გექნება სული. და, როგორც გრიგალი, ღვთის გრგვინვა და მეხი, ისე დაგატყდება პირველი ჭრილობა ზურგსუკან ფერდში შერჭობილი დანისგან. გაშმაგებული არაბები ალყას შემოგარტყამენ, სამნი, ან იქნებ ოთხნიც და დაგჭრიან ფერდში და შადრევანივით იფეთქებს ცხელი სისხლი შენი გვერდიდან და წაგაქცევენ და გირტყამენ სახეში, მუცელში, ფეხებში, ხელებში, ყველგან გირტყამენ დღისით, მზისით, შუაგულ ქალაქში, ავტობუსის გაჩერებასთან და მერე ერთ-ერთი მათგანი იარაღს დაგიმიზნებს საგულდაგულოდ და ოთხჯერ გაისვრის, ღმერთო, ოთხჯერ გაისვრის ის კაციჭამია, ალლაჰუ აკბარო, გასროლის ხმაზე ხმამაღლა შესძახებს, რომ გაგაგონოს. ალ-ლაჰ, გესმის? შენი სახელით, ისვრის და არცერთს არ ააცელს შენს ფართო და მხურვალე მკერდს ჩემო ბიჭო. და მათ ალალბედად არავინ იქნება ირგვლივ, სრულიად არავი. და დაგაგდებენ ასე ძაღლურად, მკერდდაფლეთილს და გაიქცევიან ლაჩრებივით, შეგატოვებენ უმწეობას და გაიქცევიან. ადონაი, ნეტა, მალევე მოკვდა, ხომ არ იტანჯა? მითხარი, მალევე განუტევა სული ჩემმა იესემ? სად არის სამართალი, რა არის ჭეშმარიტება? რა მოხდება მამა რომ გაიგებს, მამა რომ გაიგებს რა მოხდება? უგრძნობ ლოდად ქცეული ეზრა ლევანონი ადგილზე გახევდება. მისი მკვეთრად გამოკვეთლი სახის ნაკვთები გაუფერულდება და ეს მხოლოდ დარას ახლომხედველობით ვერ აიხსნება. ამას სხვა ახსნა შეიძლება ჰქონდეს, თუნდაც, რომ კეთილგანწყობას უგუნებობა შთანთქვას ძალუმ, სახეზე მქისე და კუნაპეტი ჩრდილი ჩამოეშლება. მე მახსოვს ეს ჩრდილი მამა, მახსოვს მა, მე ყველაფერი მახსოვს, ადონაი! რა ვუყო რა ვქნა, როგორ შევაჩერო გარდაუვალი, მე ხომ ვიცი რასაც იზამს არა, ხომ ვიცი, მე ხომ ნანახი მაქვს ეს ყველაფერი? პალატა. სითეთრე. თეთრი სუდარა. სუდარის ქვეშ ნაცნობი ცხვირ-ნიკაპის, ღაწვებისა და მაღალი შუბლის სილუეტი. სისხლი. ბინტები. სამედიცინო დანები. დეფიბრილატორი. ექიმები, ადამიანები. ადამიანები და არა ღმერთები. ჯიუტი სინამდვილე და არა ბრწყინვალე სასწაული. მონიტორზე წყეული სწორხაზოვნება და არა მწვერვალები და უფსკრულები, აღმავლობები და დაცემები და ხმა, სიტყვები, რომლებიც გამუდმებით ჩამესმის ყურში, სიმწრის ჩურჩულით, ნაცნობი ტემბრით, მამაჩემის ხმა, მიმქრალი ბგერები, „ჩემია შურისგება და საზღაურის მიზღვა“, გაუთავებლად, წრეზე, მორჩება და ახლიდან იწყება მანტრასავით. მამაჩემი სიმწრით ჩურჩულებს, გულში ლაპარაკობს, თავის თავს ელაპარაკება და მე მესმის. რამდენ ხანს ილაპარაკებ მა, რამდენჯერ იტყვი ერთი და იგივეს? ღმერთივით მამავ, მართლა შენი გგონია შურისგება და საზღაურის მიზღვა? ვერ გაგამტყუნებ. ვინ გაგამტყუნებს? ვინ გაამტყუნებს სამჯერ შვილმკვდარ მამას?! და გაგაცილებთ შენს უკანასკნელ გზაზე მთელი ოჯახი იესე, ქევურალ სატეს წესისამებრ, შენს განსასვენებელში აქ, ჩვენს მიწაზე და დედაშენიც დაგაყრის მიწას, მუჭით ჩამოტანილ ქართულ მიწას და დაგაყრის გულზე თავის ერთადერთ შვილს, და დაგაყრის ცრემლებს და ჩაგაყოლებს საფლავში თავის სულს და გულს. ნეტა დაგანახა მამაჩემი როგორ ტირის, როგორ მოთქვამს ნეტა შეგახედა. მდუღარეს გაფრქვევს ცხონებული მამაშენის ნაცვლადაც. და შეიცვლება მამა უმეტეს ყოველგვარი ადამიანური ცვლილებისა და დაემგვანება უცხო ფრინველს, ქორს, ან შავარდენს და სულ უფრო და უფრო მოიქუფრება მისი სახე და გაშავდება და აღარ დაუტევებს მის სულს ღამე და უკუნი. გავა სამი დღე, ოთხი, ხუთი, ერთი კვირა და სულ უფრო მოუხშირებს შენ საფლავზე სიარულს და მიატოვებს თავის სუნამოებს. შენთან სიარული გახდება მისი საქმე და ვაი რომ ვიცი, მე ხომ ვიცი ყველაფერი. და შაბათ ღამეს, ყორნისფერ ღამეს, ღვარცოფში და თავსხმაში, გრიგალსა და ქარიშხალში მამა ჩუმად გავა სახლიდან. შეეცდება არავინ გააღვიძოს, არავინ ნახოს, − არც ღამემ ნახოს რა უდევს გულში, გულში ჩაიკრავს თორას და გავა, მე ხომ ვიცი არა?! და გავა და წავა, წავა მარტოკა და მოგაკითხავს სასაფლაოზე. და როგორც ცხადში ისე ვხედავ როგორ ზელს ეზრა ტალახს. თავიდან ფეხებამდე გალუმპული. წიგნი მიწაზე დაუდევს, 57 შეკელად და 80 აგორად შენაძენი ბიძაჩემის წიგნის მაღაზიაში. ეგეც დასველებულა, თვითონ კი აგრძელებს თხრას თავის დაკოჟრილი ხელებით და თხრის და თხრის მიწას, აგროვებს, ზელს. დაიჩოქებს შენ საფლავთან, შენ შემოგევლე ჩემო შვილოო, მოაგროვებს ცოტა მიწას, აიღებს, წამოვა მერე, გაივლის ასე შვიდ ნაბიჯს და დაატყეპებს ტალახის გუნდას, ცალკე რომ მოუზელია, მოუგროვებია და შეუწებებია ერთმანეთში. წვიმა ასხამს ტალახის გუნდას და როგორც კანზე ფორებს, სქელ ნაჩვრეტებს ტოვებს მასზე. ჩემია შურისგება და საზღაურის მიზღვაო, იმეორებს და იმეორებს ეზრა ხმამაღლა. რატომ მამა? მაგრამ ხომ ვიცი, ხომ ვიცი რატომაც, არც ბენიზე, არც გერშონზე, იესეს გამო, ჩემ გამო. ვეღარ გაუძელი ჩემი შემხედვარე, ვერ აიტანე ჩემი ტანჯვის ცქერა. ძარღვებაშლილი და თავქაჯშეყრილი გავარდი სახლიდან, სანამ ბოლომდე ჩამოვდნი, სანამ ცვილის თოჯინასავით ჩამოვიღვენთე და გავქრი. რას ასხამს მაინც, სათლიდან ასხამს. მოუღია პირი ცას და წარღვნაა რაღა. მამა, რას შვრები, კიდობანს აშენებ, ვის გადარჩენას ცდილობ, ჩემსას? არა, არ გავს ეგ კიდობანს, არც შეფისული ფიცრებია და არც ლურსმნები, არც ხის მორები და არც კუნძებია, მხოლოდ ტალახი, წუმპე, მიწა და მტვერი. და გამოსახა, გამოაქანდაკა მიწის მტვრისაგან, ტალახისაგან კაცის სხეული, თავის ხატებად, თავის მსგავსებად გამოძერწა, მამაკაცად, იესეს მსგავსად და ასლად და ამოუკაწრა მაჯაზე სიტყვა, ე მ ე თ, რაც თარგმანებით ნიშნავს ჭეშმარიტებას. და მიატოვა და საბოლოოდ დახედა და დააფურთხა მიწაზე და თქვა, ამინ! და აჰა, დღესავით ცხადად ვხედავ როგორ მოდის, ბრუნდება მამა. მოაპობს წყვდიადს ჯიბის ფარნით და ცხელი შუბლით. ორთქლოვან ყვრიმალებს გახელებით ეხეთქება წვიმის მსხვილი წვეთები. უკანმოუხედავად ტოვებს სახელოსნოს ღია ცის ქვეშ ბებერი ხელოვანი და თითქოს ზურგიდან ქარმა დაუბერაო, ღრმად ჩაისუნთქა ვიღაცამ სიცოცხლის სუნთქვა და ამოისუნთქა და გამოებერა მკერდი და შეუხედავად გრძნობს ეზრა, კანი ებურძგლება, გაწუწულს, სველი თმები ეშლება და ყალყზე უდგება და საფეთქლებში აწვება სისხლი და ხომ ასეა, გაოგნებული, ხომ ასეა გაშტერებული, მაინც არ იხედება უკან. უკვე იცის, გრძნობს, უკვე განიცდის. ცოცხლდება გოლემი ტალახის წუმპიდან და წამოჯდება ტალახში თავადაც ტალახი, თიხა და ჭუჭყი და ზის ასე, გახევებული, გაუცხოებული, ახალშობილივით, თუმცა რაღა ვით, ახალშობილია და ეგაა. ამ წამს იშვა, ამ წამს შეიქმნა, გოლემი, ადამიანი გოლემი, იესეს მსგავსი ტალახის გროვა. და რა ვქნა მე, მე რა უნდა ვქნა განაჩენს რომ გამოუტანს მამაჩემს სასამართლო? გავყვე დევნილობაში, როგორც ანტიგონე ოიდიპოსს? ვახ, ბიჭო, იესე, ჩემო სიცოცხლე, რა მალე დადგა ის დრო, რომ უნდა მივხვდე რას ვეუბნებოდით ხოლმე ერთმანეთს, ჩვენ ხომ ისეთ რაღაცებს ვეუბნებოდით ერთმანეთს ცხოვრების ბოლოს რომ უნდა გაგვეგო? ახლა მესმის, უკვე მესმის შენი სიტყვები და მესმოდა ოცი წლის უკანაც. მე ახლა მესმის შენი ლექსი: იწყება მარტი, როგორც მოცარტი და არ მთავრდება, როგორც არასდროს არ დაწყებული ორომტრიალი და გრადაცია. მაგრამ მე სულ სხვა, მსურს ვთქვა ფერებად, მახსოვს წარსული,− ფოთლების ცვენა,− რომ გაზაფხული გავს შემოდგომას,− რომ მენატრება... და მენატრები, ახლა უზომოდ. ახლა, უზომოდ მომინდა ფრენა. მე მინდა ფრენა. მე მინდა ფრენა სასოწარკვეთით. ხანდახან მარტო, როგორც სტაკატო, ჩერდება წვიმა და შენი სუნთქვა, მე მესმის გზების, მთების, კედლების, ოცი წლის უკან. თვალებს ვხუჭავ და რა ვიცი, რა გითხრა, გახელა აღარ მინდა, მეტი რა გითხრა, ცხოვრება გამიწყალდა, ზემოდან გადმომყურებს, ჩემი გასრესა სურს, არაფრად აღარ მაგდებს და არც მე არ ვაკლებ, ვეჭიდავები და ვეჭიდავები, ანგელოზის მხარს დაკიდებული იაკობივით. აჰ, ანა, ანა, ცვილის თოჯინა! იქნებ გინდა გაუყენო ყველა და ყველაფერი ერთ გზას, ერთ აკრძალულ ქუჩაზე, ერთ მივიწყებულ სერზე, ერთ მივარდნილ დაბასთან, ერთ მიტოვებულ შენობაში. გაუყენო და მიჰყვე, კი არ იარო, იცურო, იფრიალო ზემოდან, წყლებს ზემოთ დარჩე, როგორც ღმერთების ქარი, ან განავალი, არც ერთი და არც მეორე არასდროს ჩაძირულა და რაღა ახლა ჩაიძირება? არც შენ ჩაიძირები. ანდაც, როგორც ქაღალდის გემი, იტორტმანე ცეცხლმოდებულ ზღვაში, ნავთობი რომ იწვის მის ზედაპირზე. ალმა ლოკოს შენი მყიფე ფლუგერი. ჩაილაგე შენც უბეებში ჯოჯოხეთურად მხურვალე მუგუზლები და ცეცხლწაკიდებულმა ანათე ყიამეთში, აკვამლდი სწრაფად და ხარბად, რომ დიდხანს არ იხრჩოლო, მაინც რა ჩაგძირავს ჭიან, გამოშიგნულ მერქანს, თვალსა და ხელს შუა გალეულ სანთელს, მიწას მოწყვეტილ სამუდამოდ მკვდარ ფესვს, ან ჩაიძირე თუნდაც, რაღა აზრი აქვს სიცოცხლეს სიყვარულის შემდეგ. ანაც, იცოცხლე, დიდხანს იცოცხლე, იძახე, ან, ანო, რა მოხდებოდა ისე რომ მომხდარიყო და არა ასეო. იყავი შენც სხვებივით, შენთვის მშვენიერებადაკარგულ, დრომოჭმულ, ისე კი ფერად-ფერად, სიცოცხლით მჩქეფარე, აგუგუნებულ, ახარხარებულ წუთისოფელში, გაზაფხულებით, ზაფხულებით, ცოტა შემოდგომით, სულ ცოტა ზამთრით, ეთამაშე შენც ამ გაბღენძილ მსოფლიოს, როგორც ის გეთამაშება, სხვა მაგიდაზე, სხვა რულეტზე, სხვა ფსონებით. უსმინე შენ თავს, შენი პირიდან ბედნიერი რამეებიც როგორ უღიმღამოდ, უსუსურად, უფერულად და უშნოდ იჟღერებს, იყოს ეგეც შენი საჩუქარი დაბადების დღისთვის. მინდორში ჩუმად, წვიმის ხმაურში, სასაფლაოსთან დგება გოლემი. ლორწოვან ხორცებს მიტმასნილი კანი ეჭიმება, ეტკეცება და თვალებს ახელს. ვაი, იმას, ვისი თვალებიც მისას შეხვდება, მასზე იტყვიან უკანასკნელი შეხვედრის წინო. და მართლაც გოლემი, იესეს მსგავსი ადამიანი, ადამიანი გოლემი, შურს იძიებს იესეს მკვლელებზე და დაახრჩობს და გაგუდავს საკუთარი ხელებით ერთს სახლში, მეორეს მინდორში და დარჩება ცოცხლად იესეს მკერდის განმგმირავი, ალლაჰუ აკბარო, რომ ყვიროდა და რომ ისვრიდა და არ აცელდა. ხომ არიან მოჩვენებები უსხეულონი, სულნი, ჭინკები, ანგელოზები და დემონები. ეს არც ერთია, არც მეორე და არც მესამე. გოლემი ყველაფერია მოჩვენების გარდა, სულის გარდა ყველაფერია. ტანია, თავია, ხელია, ფეხია, სისხლია, ძარღვია, ნერვია, ხორცია, მაგრამ უსულო, უგულო, უემოციო, უტყვი და მუნჯი, ზომბი ერთგვარი. როგორც ჩანს ღმერთს ხეზე ცოცვა არ უსწავლებია ადამიანთათვის, ბრძენთათვის, ჯადოქართათვის. ხალხში ხმა გავარდება მკვდრეთით აღმდგარის შურისძიებაო, თავზარი დაეცემა ბრბოს. აკანკალებულები და შეძრწუნებულები ერთმანეთში ბჭობენ, ვაითუ, ჩვენც რამე დაგვიშავებია იესესათვის და ჩვენზეც იძიოს შურიო. გამომძიებლები იესეს თითის ანაბეჭდებს იპოვნიან მკვდრების კისერზე. თვალებს არ დაუჯერებენ, არც თავიანთ ელექტრონულ ხელსაწყოებს, მწყობრიდან გამოვიდაო, ასეთი შეცდომები ხდებაო, ორეულების მეტი რაა დედამიწაზეო, თავს იწყნარებენ, ვერ ეგუებიან, ვინ შეიძლება გააცუროს ასე თავხედურად, ვინ თავხედობს, ვინ ასხამს ლაფს მთელ მათ კარგად მოვლილ-დავარცხნილ ინსტიტუციას, ურყევ სისტემას? ბევრის რწმენა შეტორტმანდება იმ დღეებში და ბევრის სასოებას ელის გამოცდა. მხოლოდ ძლიერები გადარჩებიან, სუსტებს განსაცდელი ელით. მამი, აკი ქორწილიო, ნიშნობაო, ბეჭედიო, მომატყუე? თურმე შურისძიების მძვინვარე რისხვას და გაშმაგებულ სისხლის წყურვილს დაუსადგურებია შენს გულში, შენს სუფთა გულში, მაგრამ რას იზამ, ვერაფერს იზამ, ისიც გინდოდა და ისიც, ჩემთვისაც კაი გინდოდა და შენთვისაც. შენთვის კაი კი იმათთვის ცუდი უნდა ყოფილიყო უცილობლად, სხვაგვარად არ გამოვიდოდა, შენ ასე არ გინდოდა, არავის ერჩოდი, შენთვის იყავ წყნარად და მშვიდად, მუშაობდი შენს მაღაზიაში და ჩვენს ბედნიერებაზე ოცნებობდი. შენი დარას სიყვარული გეფინა პირზე, სულში ჩაგღვროდა, სულ თან დაატარებდი. მეტი რა უნდა კაცს? რა უნდა კაცს მეტი? ოჯახი, კარ-მიდამო, საქმე და სიყვარული, აი, ყველაფერი კაცის სრული ბედნიერებისთვის. ჩვენი ბედნიერება ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. მე თუ გავუბედურდები, შენც იგივე. მე თუ დავუძლურდები, შენც იგივე. მე თუ საქმრო მომიკვდება, შენ შვილობილი და ყველაფერს იზამ წონასწორობის აღსადგენად, ყველაფერს გააკეთებ და დროს უკან გადაახვევ. და იბორიალებს და იბოდიალებს გოლემი ტღეღრე, მთა-მთა, ზღვა-ზღვა და მიადგება თავის სატრფოს, ვისთვისაც გაჩნდა, წარმომიდგენია რას იგრძნობს ჩემ დანახვაზე უგრძნობი არსება. და სად ვიქნები მე, თუ არა სასაფლაოზე, იესესთან, სინაგოგის ეზოში. ვხედავ მოდის მამა და მამის უკან, დატუქსული ბავშვივით გოლემი, იესეს მსგავსი, როგორი ნაცნობი და ამავე დროს როგორი უცხო. ზუსტად ისე მოყვება, როგორც უნდა მოყვებოდეს ქმნილება შემოქმედს, ისე კი არა თავაწეული ფუყე თავთავივით, ტრიპაჩობით, ყელყელაობით, გოროზობით, მაგრამ მე ხომ ვიცი, მე ხომ ვიცი არა ეს ქორეოგრაფიული მონახაზი, ეს სპექტაკლი ხომ ნანახი მაქვს? ამ პიესაში ყველანი იხოცებიან და რაღა იხოცებიან, არც ყოფილან ცოცხლები საერთოდ. მორჩილებას მაშინ აქვს ფასი, როცა შენი ნებით აღასრულებ, როცა გაქვს ნება, თავისუფალი ნება და არჩევანის თავისუფლება, აი, მაშინ ხარ ცოცხალი, თორემ თუ უგრძნობი ხარ, თუ სული არ გებჯინება ყელში, თუ გული არ გაგტეხია, მაშინ არც გიცხოვრია ფიტულს, ფუღუროს, ტალახის გოლემს. მამას კოპები შეხსნია, სახე გასწორებია, აღარაა ისე დამანჭული და მოშხამული, როგორც ბოლო ხანებში იყო. უხარია, ბავშვივით უხარია. ნეტა რა უხარია, რა უფრო უხარია, პატარძლის კაბაში რო მხედავს, თუ შური რო იძია? მაგრამ მაინც ვამჩნევ, ბოლომდე მაინც არაა ბედნიერი, აი, თითქმის დამთავრებულ შედევრს გავს მარმარილოსგან რომ გამოთალა მოქანდაკემ, აი, ბოლო ხელის შევლება რომ უნდა აქა-იქ, აი, ცოტა, სულ ცოტა რომ აკლია. რა საზარელია, როცა შენი ბედნიერება სხვის უბედურებაზე გადის და უარესი, როცა უბედურება მკვლელობაა და შურისგება. მამა, შენ არჩევანი გააკეთე. შენმა არჩევანმა მეორედ წაგვართვა იესე. სულაც რო სული ჰქონოდა, გრძნობები ჰქონოდა, უკვე მკვლელია და მკრეხელობა და კიდევ მოკლავს. მამები ხშირად ცდებით, კარგის გაკეთება გსურთ, მარა ცუდად გამოგდით. მაინც მადლობა მამა, მადლიერი ვარ, ის ჩემთან მოდიოდა, ჩემკენ მოქროდა, მოუხაროდა და ვეღარ მნახა და ვერ ვუთხარი როგორ მიყვარს და როგორი მადლიერი ვარ მისიც, რომ არსებობდა, რო ცოცხლობდა და იყო ცოცხალი ჩემ გულში. იყო, არის და იქნება და მე გამოვეთხოვები მას და გამოვემშვიდობები, იმას ვიზამ, რაც არ დამცალდა. ისე აღარ წვიმს, როგორც გუშინ, მაგრამ ცა მოქუფრულია, მზე გადაუმალავს, ღრუბლები ჩაუცვამს, ქალს დამგვანებია. „ბელტი ტიროდა: წვიმა რომ მოვიდეს, იმ ქვას რა ეშველებაო“, ეგრეა ჩემი საქმე, აი, ჩვენი სინაგოგის შემყურე. დგას ისევ უძრავად, ფეხი მაგას არ აუდგამს და სული არ ჩადგმია. ისე, კია ლამაზ-ლამაზი ქვებით გაწყობილი და საუცხოოდ ნარნარა. ერთმანეთში გადახლართულ-გადაგრეხილ ტოტებიანი ზეთისხილის ხეები მცველებად შემოუსარტყლავს და მათაც მტრის ჯინაზეო, თითქოს, აუქოჩრიათ და აუწეწიათ თავები მაღლა. ჰაერი გაჟღენთილა სისველის სუნით, მიწის, სუნით, ბალახის სუნით, რისით აღარ, ეგ იკითხეთ თქვენ. და დგას გოლემი ჩემს წინ უკვე, ბელეკონის ქვეშ სუფთა კოპწია. უსაქმურს და მათხოვარს კი არა გავს, გადაუწკეპია თმები კოხტად იესესავით. არც ჭუჭყიანია, არც ბინძური არც უშნო, უგვანი. Ermenegildo Zegna-ს Florentine Iris-იც დაუსხამს და აფრქვევს ჯადოსნურ სურნელს და ჩვენი ბეჭედი, ჩვენი ბეჭდებიც ხელში უჭირავს. ვიცი რომ უჭირავს. უნდა ეჭიროს. მინდა შენ ენაზე გელაპარაკო. ხმას არ ამოვიღებ, მიყურე თვალებში, ხმას არ ამოვიღებ. არაფერს გეტყვი, ბაგეს არ დავძრავ, ჩემი თვალები გეტყვიან ყველაფერს. სადღაც შორიდან გაისმება სირენების ხმა. ყველაფერს აქვს დასასრული. და შევეხები უნდოდ მე ჩემს დასასრულს, ის კი ბავშვივით, ალალად გამომიწვდის ხელისგულს, ხელისგულად გახსნილ მუჭს, ბეჭდები რომ ჰქონდა ჩაბღუჯული. დავინახავ მე მის მაჯაზე ნაკაწრს და ფრთხილად შევახებ თითს მის თითებს და მივხვდები აქ რომაა ჭეშმარიტება და ჩამეღვრება სითბო ტანში და ჟრუანტელი ატეხს ტკაცატკუცს ძვლებში, და ხორცში, და ყველა უჯრედი იგრძნობს მის შეხებას, და დავსველდები, და ჩავჭიდებ ხელს, მაგრად ჩავეჭიდები, რომ არ წავიქცე, და ისიც ბავშვივით, საცოდავი, დამიჭერს, დამაკავებს რომ არ დავეცე, და წავუშლი ალეფს, პირველ ასოს მარჯვნივ მაჯაზე და ჭეშმარიტება იქცევა მკვდრადშობილად, და დაიფშვნება. ცოცხალს დაუბრუნდება მკვდარი, მიწას დაუბრუნდება მიწა, მტვერს, მტვერი და ტალახს, ტალახი. მე დღეს ვიხსენი ერთი სიცოცხლე. მე დღეს შევიწყალე მკვლელი, ავაზაკი. მე დღეს დავმარხე ჩემი სიყვარული. მე დღეს ვითამაშე სილაში პასკით და, იცი, იესე, ჩემო ბიჭო, ჩემო სიცოცხლე, ჩემო მეუღლე, ჩემო ცხოვრება, ასე მგონია სამის ვარ და არა ოცდასამის და ვზივარ არა სინაგოგის, არამედ ჩემი მშობლების სახლის პატარა ეზოში...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი