Madeleine, Mémoire, Proust
თავდაპირველად, ადამიანს ჰქონდა მაღალი ყნოსვის უნარი, მხედველობა და სმენა ჯერ კიდევ ბუნდოვანი და განუვითარებელი. ცხოველებში კი პირიქით — ყნოსვა დაქვეითებული, ხოლო სმენა და მხედველობა გამახვილებული. ევოლუციის გზაზე, ადამიანს თანდათან დაუქვეითდა ყნოსვა, სამაგიეროდ განუვითარდა დანარჩენი ორი გრძნობა. ცხოველებში პროცესი საპირისპიროდ წარიმართა. ყნოსვა — ერთ დროს ადამიანისთვის დომინანტური ჩვევა — დროის სვლასთან ერთად გაუფასურდა და ნეგატიური ელფერი შეიძინა. ამაზე მეტყველებს თავად სიტყვა — „ყნოსვა“. დააკვირდით ბგერებს: თითქოს ლეშია დამწყვდეული თანხმოვნებს შორის. ამიტომაც, ადამიანი საუკუნეების განმავლობაში გაურბოდა საკუთარ სუნსაც კი. განდევნიდა მას თაფლის, ყვავილების, ტყავისა თუ ქარვის სუნით. ყნოსვა ცხოველურ ჩვევასთან გაიგივდა, რაც არ იზომება, რისი აღწერაც რთული მოსახელთებელია. ის ადამიანურ კონტროლს არ ემორჩილება და ხშირად გასცემს მას. თუმცა შემდეგ გამოჩნდა მარსელ პრუსტი და ევოლუციის ნეგატიური ტენდენცია ამოაყირავა — ორცხობილასა და ჩაის სურნელით ჩავიდა მეხსიერების ყველაზე სათუთ ფენებში, გვაჩვენა, რომ ყნოსვა არა ცხოველური ინსტინქტი, არამედ აზროვნების აქტი შეიძლება იყოს, რომელიც მეხსიერების, სიყვარულისა და დაკარგული დროსკენ მიიწევს. და ახლა, როცა შენგან მივდივარ, ვდგავარ ავტობანზე, ვცდილობ გავაჩერო მანქანა, ვყნოსავ შენს მიერ დატოვებულ მაისურის საყელოს და ვძვრები — სადღაც მშვენიერში, ჩვენს გატარებულ დღეებში. სადღაც სიყვარულში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი