ლიას
ბაბუაჩემის გაცვეთილი პალტო მემოსა. გავიარე ყვავილების მაღაზიასთან, მომეწონა ვარდი და გვირილა და მიხაკი და ტიტა და ჯიბეში ხელი ჩავიწყე, ჩავიქექე ხორბლისფერ ჯიბეში, იქნებ ამომყვეს რამე-მეთქი, მაგრამ არა, მაგრამ ვერა, ბაბუას არ დაუტოვებია ჩემთვის... ვერ ვიყიდე ვარდი და გვირილა და მიხაკი და ტიტა და მაპატიე დედავ, ჩემთვის დედაა ლია სტურუა ,,სტურუიზმების'' მქარგა-მხატვარი... მისი შვილი ვარ, ოღონდ არ მიცნობს... მისი შვილი ვარ, ,,სტურუიზმების'' შვილი ვარ ოღონდ არ მიცნობს... მაპატიე დედავ, ფული არ მქონდა და ვერ გიყიდე ვარდი და გვირილა და მიხაკი და ტიტა და ფართოდ, მარაოსავით გაშლილ მინდორში შევინავარდე, პალტო ხან რას ედებოდა და ხან რას, სულ მთლად დაშალა, გაიცვითა, გაიფხრიწა ბაბუის დანატოვარი პალტო. მოვკრიფე მინდვრის ყვავილები... შევკარი კონა-კონად და გამოვიდა თაიგული და დაფნა შემოვავლე... დაფნა ხომ შენი ,,დიდების მომღერალია'' დედავ. მახსოვს ბებია კრეფდა ხოლმე ასეთ ყვავილებს, ახმობდა და სვამდა, კარგია ჯანმრთელობისთვის... მეც ამას გჩუქნია, ლია... სხვა ვერაფერი ვერ შემიძლია... ლარნაკში ჩაახორბლე, ჩაამზისხივე, ჩაალივლივე... როცა გახმება არ გადაყარო, როგორც ყრი ხომე ვარდსა და მიხაკს და ტიტას და შენახე და დალიე და იდღეგრძელე... ჯანმრთელობისთვის კარგია, დედავ... მიყვარხარ ძლიერ... დაფლეთილპალტოიანმა და ხელში მინდვრის ყვავილებიანმა ჩავუარე ვახტანგ გორგასალს... დავბრუნდი მასთან და გამახსენდა... გამახსენდა არა ვახტანგის ძლიერება, არა მისი მგლისთავიანობა, არამედ მისი შემოქმედი... ელგუჯა გამახსენდა, ლია... ამ ცივ ქვას შევეხე ხელით და ვიგრძენი სითბო, სითბო, რომელიც ელგუჯამ უსახსოვრა ამ ქვას... ამ ლოდში, ვახტანგის ძლიერებაში, ვნახე ელგუჯას მკლავი, როგორსაც სვეტიცხოველში ვხედავ ხოლმე უტას მკლავს... ჩემო ლია, ჩემო ძლიერო, ჩემო უკვდავო, მიყვარხარ!... რაა ჩემი სიცოცხლე? - არაფერი! და ამ სიცოცხლეს გჩუქნი შენ!.. შენი იყოს, ლია.. მიყვარხარ.... ბოდიში ამ ნაჯღაბნისთვის!... 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი