* * * (ვსდუმვარ და...)


ვსდუმვარ და დუმილით მივდივარ სადღაც,
ალბათ გვირაბი უნდა გავიარო...
ალბათ მივდივარ მე დასალიერში, ასე გამწირე...
ვიღაცას ვგონივარ მე სალიერი,
ვირაცას ვგონივარ თავად მოცარტი,
მე კი იბრალო ვარ,
არც სალიერი,
არცა მოცარტი...
ხორბლისფერი პალტოს ჯიბეში მიყრია პურის ნამცეცები,
წიგნიდან გამოხეული ფურცლები...
ერთი ჯიბიდან პური ამოვიღე,
პირში ჩავიდე, პური ნუგბარად მეჩვენებოდა,
მაგრამ ,,პური ჩვენი არსობისაო'' მომაძახა უკნიდან ხმამ...
მეორე ჯიბიდან წიგნიდან ამოგლეჯილი
საყვარელი ლექსები ამოვიღე...
სპილენძის მავთულით დამაგრებული სათვალე დავირჭე ცხვირზე,
როგორც ღორს დაარჭობენ ხოლმე დანას ან გულში, ან ყელზე...
ვკითხულობ, ვკითხულობ ვერლიბრებს, 
ჩემს საყვარელ ლია სტურუას,
სულმთლად პოეზიაში ვარ ჩართული,
არც ხმა მესმის და ვერაფერსაც ვერ ვხედავ
ლიას მოქარგული სიტყვების მეტს...
და აჰა გამიტანა მატარებელმა,
ახლა ნამდვილად დასალ;იერში ვარ, დასალიერში...
ვზივარ და გვერდით მიწყვია ლიას ლკექსები,
ყველაფერი თეთრი და მკრთალია...
საიდან ამდენი ფერი იქ, დასალიერში?..
ვხედავ მოცარტი და სალიერი ერთმანეთს ჩუმად ეხუტებიან,
აჰ,
    ყველაფერი მოჩვენებითია,
               სიყვარულიც და სიძულვილიც!..

2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი