ერიდეთ პოეტებს


ერიდეთ პოეტებს.
ერიდეთ ამ უმაქნის იდიოტებს,
თვალებში ცეცხლით, გულში ცეცხლით,
ტვინში სტენდით სახანძრო უსაფრთხოებისთვის,
ორი წვეტიანი ვედროთი და ერთი “ეკლერით”,
ძალაყინით, ნაჯახით და ინსტრუქციით,
ევაკუაციის გეგმით:
როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ხანძარს.

უმოკლესი გზით.

ერიდეთ პოეტებს.
ერიდეთ, როგორც კეთროვანებს,
როგორც რუდიმენტულ ბანჯგვლებს,
როგორც გამონაყარს,
როგორც შხამიან სოკოს, ან შხამიან სიტყვას.

ერიდეთ პოეტებს,
წარმართ ქურუმებს მკვდარი ღმერთების.
ერიდეთ მათ გამომისტერიებულ მზერას,
მომხიბლავ ღიმილს, აუხსნელ შარმს,
თბილ გამოხედვას, ლამაზ სიტყვებს,
ერიდეთ მათ კივილს, უილაჯოდ გაშვერილ ხელებს,
გაფარჩხულ თითებს. თვალი მოარიდეთ მათ ტანჯვას.
ცხოვრების უაზროდ ფლანგვას, არაღებული ჰონორარის ხარჯვას.

ერიდეთ პოეტებს,
ამ ასოციალურ ელემენტებს,
წესრიგის მტრებს, ბახუსის ძმაკაცებს,
სუტენერებს, სუიციდით შეპყრობილებს,
ერიდეთ მათ ლამაზ სიფათებს,
რადგან მათ უკან დაჩეხილი გონებაა
წითელი სტენდით სახანძრო უსართხოებისათვის,
ერიდეთ მათ სათნოებას და უსასოობას,
ერიდეთ სახლებთან ახლოს სიარულს,
რომ თავზე არ დაგეცეთ მეოთხე სართულიდან
გადმომხტარი მოხუცი პოეტი.
ერიდეთ ტყვიას, რომელმაც
ახალგაზრდა პოეტის საფეთქელში გაირა.

ერიდეთ პოეტებს,
ყველგან სადაც თავს დაცულად და უსაფრხთოდ გრძნობთ,
ერიდეთ პოეტებს, როდესაც თვითკმაყოფილება შეგიპყრობთ,
ერიდეთ წიგნებს, რომლებითაც თქვენს ხარჯზე კარგად გაერთენ,
ერიდეთ დუქნებს, სადაც პოეტები თვრებიან, ან უკვე გამოთვრენ.

ერიდეთ ყველას, ვისი მზერაც ცარიელი არ არის,
ერიდეთ ყველას, ვისი ფრთებიც ცვილის არ არის,
ერიდეთ ლამაზ სიტყვებს, ლამაზ ფრაზებს,
საერთოდ მოერიდეთ სილამაზეს.

თვალებში ცეცხლით, გულში ცეცხლით,
სულშიც ხანძარით, ბევრი ყინული დაძარით,
ბევრი მყინვარი დაადნეთ,
მოერიდეთ გლობალურ დათბობას,
მოერიდეთ ნებისმიერ დათმობას,

ერიდეთ პოეტებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი