ნაყოფიერი სავარგულები
საოცარი თვეა მაისი, ალპურ ზონაში ეულად ამოსული ედელვაისი გამომშრალ ფესვებს ხარბად მიუშვერს ნაკადულებს, რომლებიც ნეშომპალიდან, ნაყოფიერი მიწიდან თავის დასაღწევად ვულკანური ქანებისკენ მიძვრებიან. შემდეგ ყინული სკდება ხმაურით და თეთრი კუნძულები დაიძვრებიან, რომელთა შემთხვევით ბინადრებს ბოლოს უეჭველად გაცურვა მოუწევთ, როგორც ჩვენ ვცურავთ ვახტანგისდროინდელი მეტროპოლიის ბინძურ ქუჩებში, რადგანაც ჩვენი თეთრი ნიადაგი, ჩვენი კუნძულებიც ილუზიებთან ერთად დადნა. ახლა ხშირია აღმაფრენა, რომელსაც ვარდნა მოსდევს უეჭველად, რეკლამისა და პროპაგანდის ფრთებხატულა ჭრელი პეპელა ნურცმოფრინდებინურცგფრინდების უტყუარი ტრაექტორიით, გზას მიგვითითებს გარდაუვალი მომავლისაკენ, სადაც უკვე აღარავინ გველოდება, სადაც სუფთა ჰაერს დავთლით ლოდებად და ტრადიციების სამარხ პირამიდას ავაშენებთ. ჩვენი გულები სავსეა სიხარულით, ჩვენი გულები სიყვარულით ივსება, ჩვენ გვიყვარს მოყვასი ჩვენი და უფრო მეტად – მტერი ჩვენი, რადგან მტრების წარმატება გულზე ისე მტკივნეულად არ გვხვდება. წესიერი მტერი ისე როგორ წახდება, დაჩოქებულს სამოწყალო ლუკმა არ გადმოგიგდოს. ჩვენი გულები სავსეა სიხარულით, ჩვენი ბეღლები სავსეა დოვლათით. საოცარი თვეა მაისი. ჩვენ გავძეხით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი