შენ რა იცი


‎
‎შენზე ფიქრებს ხმა შეერევა ქარის ზუზუნის,
‎ამედევნება წარსული და ძველი ოცნება.
‎შენ კი რა იცი, როგორია ახლა ზამთარი,
‎ან გაზაფხული რა იმედით მოგვევლინება.
‎
‎არც მე არ ვიცი დღეს რა არის შენი ამბავი,
‎ყურს ვუგდებ, მაგრამ ქარი შენზე აღარ მიყვება.
‎ალბათ არ ვიცი ფასი დროის, როგორც არავინ,
‎მაგრამ ყოველ წუთს მახსოვს, როგორ მაგვიანდება.
‎
‎წელს კვლავ ჩავიწერ ყვავილობას იმედის მოსვლად,
‎მხიბლავს ოცნება, მაგრამ როგორ არ მწამს მითების,
‎შენ სულ არ გიყვარს ყვავილების სიცოცხლით ტკბობა,
‎და ვერც გეტყვი, რომ შენ ნახვაზე ჰყვავის იები.
‎
‎წარსულის მტვერზე ადევნებულ მომავალს მივდევ,
‎და მეშინია, რომ მომავალს წარსული ერქვას.
‎შენ კი რა იცი, როგორია გვიანის შიში
‎და განუყრელი მონატრება გარდასულ დღეთა.
‎
‎წელს კვლავ ჩავიწერ ყვავილობას იმედის მოსვლად,
‎მხიბლავს ოცნება, მაგრამ როგორ არ მწამს მითების?
‎შენ სულ არ გიყვარს ყვავილების სიცოცხლით ტკბობა,
‎და ვერც გეტყვი, რომ შენ ნახვაზე ჰყვავის იები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი