მარტო მე


წავალ — ჯერ მოვძებნი ჩემს თავს,
თუ არ გადავაწყდი გზადვე,
მერე კვლავ მოვუსმენ ჩემ ხმას —
ისიც მომიყვება რამდენს.

მინდა მივდიოდე სადმე,
და გზა მიღვიძებდეს ფიქრებს.
იყოს განაბული ღამე,
ზეცა წვიმის წვეთებს ცრიდეს.

მინდა სადმე ვიყო მარტო,
ფიქრი მიჯდებოდეს გვერდით.
მარტო მე და სივრცე ფართო,
ხედი თვალუწვდელი მთებით.

ანდა მთები ვიყო თვითონ,
სადღაც ამ ღრუბლებზე მაღლა.
იქაც ვიდგე ისე, თითქოს
სულ არ მაწუხებდეს დაღლა.

მინდა მეც ოცნება მერქვას,
და ფრთებს გავიშლიდი მალვით.
მერე გავუყოფდი ყველას,
სანამ გამფანტავდა ქარი.

სანამ გამაბნევდა სიზმრად,
მარად დამტოვებდა ცხადში.
სანამ მოვუსმენდი იმ ხმას,
რა ხმასაც ვუსმენდი მაშინ.

მინდა სადმე ვიყო მარტო,
ფიქრი მიჯდებოდეს გვერდით.
მარტო მე და სივრცე ფართო —
ასე ვიქნებოდი ჩემთვის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი