რა კარგად მახსოვს


რა კარგად მახსოვს დღე სუსხიანი, 
უცნობი გრძნობა რომ დამაუფლა,
ნაწვიმ ქუჩებზე ეფინა ნისლი 
და ხასიათიც ნისლსვე მიჰქონდა...

მოდებულიყო გარს მდუმარება 
და ჯერ უთქმელი სიტყვა მესმოდა;
იყო ართქმული ხმათა დროება, 
თან არსებობის ჟინი ჩნდებოდა.

რა კარგად მახსოვს დღე სუსხიანი,
ნისლად მოცული ნარევი ფერთა, 
ამ ნისლში იყავ შენც გახვეული 
და ჯერ ბავშვური სამოსი გეცვა. 

მახსოვს თვალები, დაბლა დახრილი, 
ამოუცნობი უსიტყვო მზერა... 
მახსოვს გონებაც ფიქრად დაღვრილი 
და ამ ფიქრებს მე ვტოვებდი შენთან.

მივუყვებოდი ისევ იმ ქუჩებს
აზრდაბნეული დარჩენილ ფიქრში,
წინსვლა მაძლევდა ფერებს ნამუქებს 
და შენც დროდადრო ქრებოდი ნისლში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი