ტელეფონი
გაიღვიძებს თუ არა, პაწაწინა ეკა მიუჯდება ტელეფონს და მთელი დღე რეკავს. - ალო! თინა, შენა ხარ? როგორა ხარ, როგორ? რატომ აღარ მირეკავ, დამივიწყე, გოგო? როგორა გყავს თოჯინა? მითხრეს, სიცხე ჰქონია. დაბანილის გაყვანა გარეთ გამიგონია? თბილად გყავდეს ლოგინში, საფენები დაადე. ჩაიც ასვი ლიმონით... აბა, კარგად! ხვალამდე! - ალო! ლია, ეკა ვარ. გუშინ ცირკში რა ვნახე - კლოუნებმა ბურთისთვის ერთმანეთი გალახეს. მართლა, ჩვენმა ფისუნამ დილით, იცი, რა მიყო? დედამ რძე რომ დამიდგა, თათი ჯამში ჩამიყო. გოგო, თავის საუზმე საწყალს, ალბათ, არ ეყო... ახლა გემშვიდობები, სხვაგან უნდა დავრეკო. - ალო, ალო! ნინიკო, მომენატრე ძალიან. შენ რაც ბაღში დადიხარ, ჩემთვის აღარ გცალია. მალე ბაღში მეც ვივლი, სამის ვხდები, ხომ იცი. მაგრამ, რომ არ მეცალოს შენთვის მაინც მოვიცლი. თუმცა, ხშირად დარეკვა მაშინ გამიჭირდება. უნდა ვუთხრა მამიკოს, მობილური მჭირდება... საღამომდე გაისმის: - ალო, ალოოო! ეს მე ვარ! მალე ეკას სახელად ეკაფონი ერქმევა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი