მელაკუდას მაღაზია


უღრან ტყეში მელაკუდამ
გახსნა დიდი მაღაზია
და წარწერა ჩამოკიდა
“შემობრძანდით, არის ღია”.

სავსე არის დახლები და
მრავალ რამეს ყიდის რადგან,
ვინ გინდა, რომ აქ არ ნახოთ,
მყიდველების რიგი დადგა.

დათუნია თათს ილოკავს,
კასრები დგას თაფლისაო.
მელაკუდა ეკითხება:
- ცაცხვის გსურს თუ წაბლისაო?

აბურდღუნდა დათუნია:
- კარგად უნდა გამივსო,
სამი ქილა ცაცხვის მინდა,
ოთხიც კიდევ - წაბლისო.

თაფლი სულაც არ სჭირდება,
ხორცის რიგში დადგა მგელი:
- მეც მომხედე, მელაკუდავ,
რა ხანია ვდგევარ, გელი.

მელა ცდილობს რუხი მგელი
არ დარჩეს გულნაკლულია,
- გაყინული არ გეგონოს,
სულ ახალი დაკლულია!

ტურა ქათამს ეტანება,
მსუქან-მსუქან დედლებს არჩევს.
ჭყინდი ტარო სიმინდისა
სათითაოდ მიაქვთ მაჩვებს.

შეიძინა ყანჩამ თევზი,
ბაყაყების სამი აცმაც.
ჭაობისას მაღაზიის
კი სჯობია, რომ თქვას კაცმა.

კურდღელმა თქვა: - ეს სტაფილო
უნდა დავდგა გოდრითაო,
სულ მოვითქვამ, დავიღალე
ამ ბალახის კორტნითაო.

ზღარბმა აისხა ეკლებზე
თურაშაული, კეხურა.
გარეთ რომ გამოცუნცულდა,
თავზეც ვაშლები ეხურა.

ტახმა ტომრები დაავსო
ნარჩევი რკოთი, წაბლითა.
სანამ სახლამდე მივიდა
გზაში ეშვებით დაფლითა.

და როცა ბოლო მყიდველიც
ეზოში გამოეხეტა,
მელიამ მიმოიხედა,
ცარიელ დახლებს შეხედა,

თქვა: - ვაფართოებ ვაჭრობას,
ეს უნდა გადავაკეთო
და მაღაზიას ხვალიდან
დავარქმევ “სუპერ-მარკეტსო”.

საქმეს ავაწყობ თანდათან,
განა ვაჭრობა ძნელია.
ქათმის ქურდს ვინღა მიწოდებს,
ვიქნები ბიზნესმელია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი