მელაკუდას სორო


მელაკუდა კლიენტს ეძებს
- აბა, ვის გსურთ ბინაო?
სორო, სამოთახიანი,
უნდა გავაქირავო!

სულ ახლახან გავაკეთე
ქალაქური რემონტი.
თქვენი თვალით შეაფასეთ,
სანახავად შემოდით.

საცხოვრებლად თუკი გინდათ,
არის სრული კომფორტი -
ცხელი წყალი ონკანში და
მაცივარში - კომპოტი.

აბაზანა - გაწყობილი
ანტარქტიდის კაფელით...
ჩემი ხელით გამოვჭიმე
ტელეფონის კაბელი.

საოფისე ფართი გნებავთ?
ამაზე კარგს სად ნახავთ!
ისე, კიდეც მიჯობს, თუ თქვენ
აქაური არა ხართ.

ნეტავ, სულაც აფრიკიდან
ჩამოვიდეს აქლემი!..
უცხოელზე სხვა ფასია,
აქაურზე - ნაკლები.

ესეცა ვთქვათ - ტყის ცენტრია,
მშვენიერი ადგილი.
სამი მუხის მოედანზე,
მისასვლელად ადვილი...

როგორც ვატყობ, არავის სურს...
რად ვიყბედე ამდენი?!
თუ არ გინდათ, ამ სოროში
თავად დავბინავდები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი