საზიარო ნაკვეთი
ციყვი ციკო, თაგვი თენგო და კურდღელი ამბაკო, შეიკრიბნენ მუხის ძირას, რომ მოილაპარაკონ. საზიაროდ შეიძინეს თურმე, მიწის ნაკვეთი, მაგრამ ჯერ ვერ გადაწყვიტეს, ერთად რა გააკეთონ. ამბაკომ თქვა: - ყველაფერს სჯობს, კომბოსტო რომ დავრგოთო. მოსავალიც ბევრი იცის და თან არის სარგოცო! თენგო ამბობს: - ვის სჭირდება ეგ კომბოსტოს თავები? შენც ხომ იცი, მაგას არ ვჭამთ ციყვები და თაგვები. სჯობია, რომ მოვიყვანოთ სიმინდი და ხორბალი. კომბოსტოზე საჭირო და სასარგებლო ხომ არის? ციკოსაც აქვს თავის აზრი, არც ერთს არ ეთანხმება: - გვალვები რომ დაიჭიროს, ყველაფერი გახმება. მერე რა ვქნათ, ზამთრისათვის რაღა მოვიმარაგოთ? თანაც, ყოველ გაზაფხულზე ხელახლა რომ არ დავრგოთ, ყოველ წელს რომ აღარ გვქონდეს სათესი და სამკალი, ჯობია, რომ მთელ ნაკვეთზე გავაშენოთ კაკალი! იდავეს და იკამათეს, საშველი კი არ ჩანდა. მათ ლაპარაკს, თურმე, ხიდან ყურს უგდებდა ყვანჩალა. გადმოსძახა: - ვერ გავიგე, საკამათო რა იყო? ახლა ჩხუბობთ და მოსავალს მერე როგორ გაიყოფთ?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი