ანას გასაჭირი


თუკი დამაცემინა,
დედა მაწვდის მაშინვე 
თერმომეტრს და იძახის: 
- შენი ფერი მაშინებს!

გამიზომავს სიცხეს და 
ისევ იწყებს ვაი-ვიშს: 
- აბა, ჩქარა დაწექი! - 
წამსვე ლოგინს გამიშლის.

დამილაგებს საწოლთან 
აბებსა და მიქსტურებს. 
ვინც კი ჩემთან შემოდის, 
ყველას გარეთ ისტუმრებს:

- ანას ახლა სიცხე აქვს, 
გამოკეთდეს, ადროვეთ. 
სხვა დროს მოდით, ბავშვებო, 
ახლა მარტო დატოვეთ!

დედას, ალბათ, ჰგონია, 
რომ კარგ საქმეს აკეთებს - 
მე ბავშვებთან თამაში 
უფრო გამომაკეთებს.

მერე ისევ თერმომეტრს 
იღლიის ქვეშ გამიჩრის... 
ეჰ, მარტო ეს რომ იყოს, 
მაშინ კიდევ რა მიჭირს?

ძალით ლიმონს შემაჭმევს - 
დახოცავსო ბაცილებს! 
ძმრიან ტილოს შუბლიდან 
წუთითაც არ მაცილებს...

ორი გზა მაქვს, დედამ კვლავ 
ასე რომ არ მამყოფოს - 
თერმომეტრი დავმალო 
ან არ ვიავადმყოფო!	

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი