ზოოპარკში


ერთხელ კიდევ რომ ნახოს
საოცრება ნამდვილი,
ზოოპარკში ზურიკო
გამოცხადდა ამ დილით.
ზურა ხელში ჭიშკართან
აიყვანა ბებიამ.
სპილოებს რომ შეხედა,
სულ არ შეშინებია.
მოგროვილან ნორჩები
სპილოების გარშემო:
- სპილოებო, სალამი!
- გაგიმარჯოთ, ბავშვებო!
წამოვიდა ზოზინით
სპილო კოხტად მორთული,
ხელიც გამოგვიწოდა...
ხელი არა... ხორთუმი!
რქებით იცნეს ირემი,
ხალიანი ქორბუდა,
დაინახა ზურიკო,
ზურიკოსკენ მობრუნდა.
იქვე ახლო შველია
და შვლის ნუკრი მშიშარა.
უცებ ერთმა ფრინველმა
ფრთები ჩამოიშალა.
მერე ბოლო ლამაზი
მთელ ეზოზე მოჰფინა;
ბებომ უთხრა: - შეხედე,
ფარშევანგი ყოფილა!
შებუმბული ბარტყები
ბუდეებში ჟივიან.
- რად კანკალებთ, ბარტყებო,
ნეტა, რის გეშინიათ?!
დათუნია შვილებთან
თამაშშია გართული.
- რას აკეთებ, დათუნა,
თეთრო დათვო, დათუნი?
ბელებს მართლა მოახრჩობ
ემაგ თათის თათუნით,
ჭამაც დათვის გცოდნია,
მოფერებაც დათვური!
- ეს ციყვია, - ბებია
ამბობს დაბეჯითებით...
წყლიდან ათასნაირი
წამოფრინდნენ ჩიტები.
დგას ღობესთან ჟირაფი,
ტანჭრელი და მაღალი;
აგერ თეთრი არწივი,
ყვავი თავის ბახალით.
გამობრძანდნენ ჯიხვები,
წყაროს წყალი დალიეს;
აფთრები და ვეფხვები
ბრაზით ღრღნიან გალიებს.
წრიალებენ, დადიან
მთქნარებით და ზმორებით.
ღარებივით მიჰყვებათ
ტანზე ჭრელი ზოლები...
ერთი აქეთ მოდექი,
უსმინე და უყურე:
ლომი მაინც ლომია,
ღრიალებს და ბუხუნებს.
ტურა მაინც ტურაა,
ქათმის ბარკლის მკვნეტავი;
- რა გაკივლებს, ტურიკო,
ვის უყურებ, ნეტავი!
დღემდე ვინმეს უნახავს,
ვინმეს გაუგონია?
თურმე მელას ქათმებთან
მეზობლობა ჰქონია.
აუზშია ნიანგი,
ნაპირს ფხიზლად დარაჯობს;
სელაპების დანახვას
არაფერი არა სჯობს.
ვინც შეხედა, ვერავინ
თვალი ვერ აარიდა:
თავით ბურთი გამოაქვს
სელაპს ღია კარიდან.
ამ გასლიპულ ბეჰემოთს
არც წყურია, არც შია,
არაფერი ადარდებს,
ყურებამდე წყალშია.
მაიმუნებს რგოლებზე
მოსწყენიათ თამაში
და ერთმანეთს უსწრებენ
მზესუმზირას ჭამაში.
თაგუნია კატის წინ
ლამის შიშით გაქვავდეს;
დიდი კუზი აქლემებს
ზურგზე აზით აქამდე.
ბატებისთვის დაუდგამთ
სახლი უსახურაო...
- ჰეი, ეს ვინ მოსულა?
- ჩვენი ზურა, ზურაო!
თუთიყუშს კი უცვლელი
სიტყვა ადგას ენაზე:
- ბიჭი ვარო! - იძახის
ბიჭის გამოჩენაზე.
- გოგო ვარო, - შესძახებს
გოგოს ნახავს თუ არა...
- არ ბიჭი ხარ, არც გოგო,
ჩუმად, შე მატყუარა!
დაიღალა ზურიკო,
დაიბინდა მიდამო.
აბუზღუნდა დათუნა:
- წადით, ძილი გვინდაო!
თავზე გადაიქროლა
ჩრდილმა ქარის ფრთებისამ.
- ზოოპარკო, ნახვამდის!
- ყველას ძილი ნებისა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი