ჩვენში ისევ ხომ იზრდება გარგარი..
ჩვენში ისევ ხომ იზრდება გარგარი გუშინ უკრაინაში დახოცილი ჩვენი ბიჭები ჩამოასვენეს. მეგონა, რაღაც ყველას ჩაგვწყდა, მაგრამ შევცდი, შევფიქრიანდი... თურმე ,,ნაცები" დაუხოცავთ. საზარელი ეს სიტყვები დაირხა გუშინ. თითქოს ერთ წამში ჩამომსხიპეს მარჯვენა მკლავი, მომკვეთეს ხორცი, ძვალს შემატოვეს... შემრცხვა ბიჭების, ჩვენ გამო მკვდარი ჩვენი ბიჭების. რა ხანია დავდივარ და მრცხვენია 9 აპრილს აჩეხილი გოგონების, რა ხანია დავდივარ და მრცხვენია, ომში დახოცილი ჩვენი ბიჭების. ომი არსად მიდის. ვერ დაიმალები... ასეთი ქართველი საქართველოს მიკლავს. წამში მიკლავს, წუთში მიკლავს, დროში მიკლავს.. და სულსაც მიკლავს. ვინ ხარ შენ! ამ საფლავების ჩაჩუმებას თქვენ როგორ შეძლებთ?! განა ტყუილად დავღვარეთ სისხლი, ნუთუ დედების შავ ძაძებზე მეტს იტყვის ვინმე?! მე დავიბენი. მკვდარ ბიჭების სურათებს თვალებს ვეღარ ვუსწორებ. მრცხვენია, მაგრამ არ ვიცი სირცხვილს, სად დავემალო?! იქ, სადაც გარგარი აღარ იზრდება, იწყება რუსეთი" მე დავიბენი, ჩვენში ისევ ხომ იზრდება გარგარი?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი