* * *


* * *
მე აქ კი არ დავიწყე სიცოცხლე,
არამედ გავაგრძელე
და სხვაგანაც მუდმივად სიცოცხლეს
ვაგრძელებ.
ხოლო შუალედებში სიკვდილსაც.
რომელ ნაპირზე იცდის ტყუილი
იქ, სადაც მდინარემ სათავე დაკარგა?.
სად არის სახლი, რომელიც მიწას ვერ მიენდო,
და ქარი, რომელიც არავის ელის.
რატომ ვარ მე სამყაროსთვის იშვიათი,
და ადამიანებისთვის ჩვეულებრივი?
რატომ ვარ ჯერ ლექსი
და მერე ადამიანი,
რატომ ვარ ჯერ სიყვარული
და შემდეგ ცხოვრება?
ერთ მთლიან არარსებობაში
რამდენი არსებობა მელის?!
კიდევ რამდენი ვიქნები
ან ცოტა, ან მეტისმეტი,
ან ქუჩა
ან საწილი,
ოთახი ცარიელი.
და თვალები, რომელიც
აღუნიშნავადაც ლამაზია.
წერის დაწყებამდეც პოეზიაა,
ჩემთვის, შენთვის, ყველასთვის.
ძალზედ მეტისმეტი უსახელო სინამდვილისთვის.
ისე, თითქოს არ ვიყო ის, ვინც ვარ.
ჩავიარე გრძელი დერეფანი
და გავედი...
მთელი სამყარო გადამდის ლურჯ ვენებზე,
გადამდის წყალივით, კივილივით,
ქალივით, ფოთოლივით,
გველის სლიპინა ტანივით.
რა პატარა ქალაქი,
რა ერთი ციცქნა სახელმწიფო,
საკუთარ თავში გაცურვამდე ცოტა მიკლია.
უზომო სივრცეც არაფერს ნიშნავს თუ
კუთხეში დაგაყენეს.
სრულიად არაფერს..
მინდა სახეზე ავიფარო მარადიული
ღამე.
როცა გული იკეტება,
მაშინ იხსნებიან ფოთლები
და მოაქვთ ჩემამდე
გადარჩენილი სურვილები.
ჭკნობა რა ქორფა მოჩანს ჩემი თვალებიდან.
რატომ მზომავს ის, ვინც ვერ ჩამატევს
თავის სივიწროვეში?
არ სჭირდება მზეს შეწყვეტა
სუნთქვასთან ერთად.

რატომ ვგავარ იმ კითხვას,
რომელიც დასვეს და არასოდეს
უპასუხეს?
რომელიც უხილავი ძალით ჰკიდია
დღემდე ჰაერში?.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი