ზამთარი
ზამთარი ადამიანი წლებს თავად ანგრევს, მერე მხრებჩამოყრილი თავისივე ნაქნარს დასტირის მობუზული. გეგონება ჩიტია, ზამთარს რომ ვერ გაუძლო. ეჰ, ზამთარი, ზამთარი . პურის ფინჩხა არ ცვივა მისი პირიდან, მისგან მხოლოდ თეთრი, თეთრი სიცივის უსაზღვრობა გადმოდის... ადამიანი ფიქრებს, წლებს, ყველაფერს ანგრევს, ბოლოს თავადაც ინგრევა. ბაბილონის გოდოლივით დაშლილი... სად არის ნაშალი?- ისიც მტვრად იქცევა, ცაში წავა, ქარი წაისვამს ფერ-უმარილივით, წვიმა, ლეშტერები გარეცხავენ გულდასმით და საგულდაგულოდ. მერე მხრებჩამოყრილი ადამიანი, რომელიც ქარების ტანს აეკრო და ღრუბლის ცრემლში ჩაიძირა, საკუთარ ხსოვნას და თავს აგროვებს, აგროვებს, აგროვებს, აგროვებს, და ბოლოს, მოგროვებულში, თავისივე მოგროვებულში, ცარიელი, სრულიად ცარიელი რჩება. და ქარის ცივი სტვენა ყოველთვის დაცინვა ჰგონია მისკენ მიმართული. იქნებ იმაზე ეფიქრა, რაც დაანგრია იქ რას მიდის, რა უნდა? ამ ნაშალში უკვე ის ვერ ამოვა, ვერც ყვავილად, ვერც ერთი საგნიდან მეორეში გადებს ხიდს. იღება კარი და არავინ შედის, იხურება კარი და გამოდის არავინ. მისი ენა უენოა, მისი სიტყვა უსიტყვოა, ვერც გულს წვდება, ვერც სმენას. ვერც ფერფლიდან ამოვა იგივე, ყოველი გარდასახვა, სხვაა, იგივეს გამოკლებით. სხვაა და ასეა დაუსრულებლად., დაუსრულებლად ასე... ბალანგახუნებული მგელი ყმუის, სივრცეში, ასე ყმუის ადამიანიც... ეჰ, ზამთარი, ზამთარი. პურის ფინჩხა არ ცვივა მისი პირიდან, მისგან მხოლოდ თეთრი, თეთრი სიცივის უსაზღვრობა გადმოდის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი