ცხოვრება დიდთოვლობაა..


ცხოვრება დიდთოვლობაა

ცხოვრება დიდთოვლობაა.

ქუჩა, რომელზეც დადიხარ,
შენს მერე გაჩნდა.
მხრებს, როდესაც იბერტყავ,
ფიქრობ თოვლზე,
რომელიც გამძიმებს,
თუმცა, მხრები ჯერ თავისუფალი გაქვს.
და თავისუფალია 
ცხოვრებაც შენგან.
  როცა ფიქრობ, ესეც დიდთოვლობაა.
და შენგან ნაცრისფერი ძახილით
ამოგყავს ძველი, მაგრამ
განახლებული სევდა.

ამასობაში რაღაც ან ვიღაც მუდამ
იცვლება.

ღმერთი არ გწამს? გაჩუმდი!
ღმერთი არ მწამს- იყო პასუხი.
მაშინ  რა უნდა ვქნათ?
ყველა გაცემულ პასუხზე თუ 
შესაძლო პასუხები არ  გვექნება?!

ქალაქი ცურავს, რომ ესიზმრება.
შენ ტრიალებ ერთ კონკრეტულ
ქუჩაზე,
და ამ დროს
 საფლავშიაც ტრიალებს ვიღაც, ერთი, კონკრეტული მიცვალებული.
ის ბრუნავს ჩვენს სიტყვებში
და შეფასებებში.
გამოდის, ყველაფერს ისევ ჩვენი ეგოიზმი ატრიალებს.
საფლავი მშვიდია,
საფლავზეც მშვიდი.

გაიყინე ამ ქუჩაზე.
ოღონდ ქარისა და სუსხის გამო არა...

ქუჩა, რომელზეც დგახარ,
ვერ გიმახსოვრებს.
მხრებს იბერტყავ,
ფიქრობ თოვლზე,
რომელიც გამძიმებს,
თუმცა მხრები ჯერ თავისუფალი გაქვს.
თოვლი არ მოსულა.
მაგრამ შენ ფიქრობ თოვლზე.
ეს ბუნებრივია,
ცხოვრება დიდთოვლობაა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი