არ შეგეშალოს..
*** არ შეგეშალოს. არ დაიგვიანო. გაბედული იყავი. და მოთმინებით დაელოდე ვინ აღმა წავა, ვინ დაუყვება დაღმართს სიმშვიდით. ვინ გაჩერდება., ვის გამოსდებენ ხელკავს ასე და ასე შემდეგ. ზღვაში ზღვა არ გამოჩნდა, სიგრილის ანარეკლს შეიგრძნობ მხოლოდ. სახლში სახლი და გულში გული არ ჩანს. შინიდან სითბო გარეთ გარბის, გულშიც მკვეთრი მუხრუჭია. ამოთხარეს მიწა და გამოუჩინეს სიმართლეს თავისი ნამდვილი სახე, გადაწმინდეს მტვერი, შემდეგ წაიკითხეს. სურვილებზე მიჯაჭვული წარმოსახვა დარჩა ჩვენ შორის. რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელ ქუჩაზე, რომელ სახლში, რომელ ცხოვრებაში ვცხოვრობთ? მე მთლიანი ვარ შიგნიდან. გარედან ზედმეტად შელახული. ზედაპირზეც უფრო ნაკლული ვჩანვარ, მაშინ შესუსტებულ განცდებს წყალს ვაწვდი. დაჟინებულ მზერას ვირიდებ. და სარეველა კითხვებს არ ვპასუხობ. არ უჩანს ბოლო ყველაფრის უკმარისობას, ჩემში მწერის გაფრენასაც თავი ახსოვს. ამის მიუხედავად დამაჯერებელ არგუმენტებს ვეძებ, რათა სიცხადე მივიღო, როგორც საზღაური. როცა გარბიხარ, მაშინ რამეს კი არ შორდები, დროის სიჩქარით იმახსოვრებ რაც დგას სივრცეში. ქართან დარჩენას მთლიანობის სევდა უწოდე. სამყარო როცა აღმოჩნდება თავის ადგილზე, მშიერი ცხოვრება შენ გამოგყვება. მას აქვს უფლება, შენთან ერთად გაიაროს და გამოსწორდეს, ან გაგისწორდეს. ყოველთვის ვცდილობ ამ მიწაზე სამოთხე არ გამოვიგონო, მასში ხომ ყველაფერი უნაკლო და წარმტაცია. აგეხილება თვალი და ხელახლა ისევ შეცდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი