ნუღარ დაითვლი..


ნუღარ დაითვლი,
ამ დაღუპვებს ამ გადარჩენებს!..

ფრიალებს სული,
მე დროშასავით გავეხვევი
დილაში, რომელიც შინდისფერი
იყო, მაგრამ დიდი ტკივილის ჯვარი
დაუსვეს. ახლა თეთრია.
ფრიალებს ქარი და შრიალს იწყებს
მთელი სამყარო.
მე მოგიქსოვ ტკივილის ბალახს
და ტანთ ჩაგაცმევ 
შენ გესმის ჩემი ნაფიქრი ექო,
მე მესმის შენი სიზმრების სუნთქვა.
და ჩვენ ორივენი ვასწორებთ დროს,
და ჩვენ ორივენი ვასწრებთ დროს,
მაშინ როდესაც არ არის ღამე
და არის ძილის უთავბოლო განმეორება.
მე თან მომყვება შემოდგომა,
ყვითელი ფოთლის მელანქოლია.
მე ჩანასახიდან მომყვები შენ.

ამ დაბადების კივილის ექო
ჰორიზონტზე უნდა გავიდეს
და წაბლივით გახლეჩილ მთვარეს
ყურისძირში ჩააკვდეს
ჩემი ბიოგრაფია.
შენი ჩურჩული.
ჩემი სიზმარი ჩემი წარმოსახვის სიუჟეტზეა
დამყარებული.
გაურკვეველია ჩემი არსებობა,
მას ხან ცხოვრება ჰქვია,
ალესილი თვალების ელვა,
ისიც თითქოს ემსგავსება ცხოვრებას,
მაგრამ ხშირად არ არის იგი და, რაც ხდება
თავად უიმედო მომავლისგან დაკარგულია.
ეს ჩემი დროა, ჩემი სიტყვა და ენა ჩემი,
რითაც მე ვხვდები თანადროული,
რის გამოც უნდა მაღიარონ,
ანდა თვალები ამივსონ კენჭით.
გაზრდილ ღამეზე დამრთონ ჩუმი თვალთვალის ნება,
გახრწნილ აზრებზე მესაფლავის ბარი შევმართო.

დიახ, ჩემო ყველაზე კარგო მეგობარო,
მე დაკარგული ვარ,
და ამას მთელი ხმით ვღრიალებ შენთვის.
მე დავიკარგე,
და შენ ჩემს გვერდით გინდა იყო
ასეთ დროს მაინც
არ გეშინია?
ვინც დაიკარგა, ის რომ
არასდროს, აღარ გამოჩნდეს?!.
მე ხომ ღრუბლების მერე დავიწყე ლექსებით
მზერა,
მე ხომ შენი ნახვის შემდეგ
მოვბანე ჩემს სინამდვილეს სისხლის წვეთები.
მე შენს მერე ვარ ჩვეულებრივი,
რადგან იმდენად უჩვეულოს შეგხვდი
რომელიღაც გზაზე,
სადაც ცხოვრება მკაცრი კი არა,
საამურია,
რადგან წამით აღარ გინდა ხედავდე იმას,
რასაც შიში ლანდივით ეკვრის.

ყველა წარსული საშიშია და ყველა იწვის,
არ მიიხედო, არ მიბრუნდე. სასურველია ლოტის ცოლი დაგიდგეს თვალწინ.
და წინ იარო. თითქოს ყოველი ახლა ხდება,
თითქოს ცხოვრება თავს გაყრიდეს სოდომის ნაშალს.
ო, ქვადქცევისგან უფალო, გვიხსენ,
და სულსწრაფობაც თავიდანვე აღკვეთე ჩვენი.
გახსენი ყველა დახშული კარი,
და კავშირებით გვმართე ბოლომდე.
შენი და ჩვენი თავისუფლებით. 
რაც ზევით ხდება, ხშირად ტერფებს ქვევიდან
გვინგრევს.
ეს თოლიებიც ზღვას უხმობენ,
უხმობენ სულებს,
ფრთებზე ეტყობათ შარშანდელი ქარების
კვალი,
ღრუბლების სევდა,
ნაღვლიანი ნისლების სიმი.
გამქრალ სამყაროს ვეკარგები მე ასე მძაფრად.
არ ვიმჩნევ , მაგრამ
გულის სიღრმეში წუთისოფლის ჩამზრდია ნუჟრი
და ვერ მაშორებს ვერცერთი ყოფა,
ავი და კარგი თუ არსებობს რაიმე მსგავსი,
სხვადასხვა გარსში ჩაკეტილი სახე და ფორმა. 
ნუღარ დაითვლი ამ წარმოსახვებს.
ამ შლეგ დინებებს.
ადამიანში ამოწურულ სულის ფორიაქს,
ანდა პირიქით, ბობოქარი ვნებების ძრწოლას
მიხვდი, როგორი ამაოა კალენდრის ფურცვლა,
როცა ხეებზე ჩიტის ნაცვლად დაფრინავს ექო
ძველი ჩიტისა.
ასე ჩანს ახლა და ვლინდება ეს სიყვარულიც.
ჩემს სულში თურმე ფუნჯი დარჩა სამყაროს
მხატვარს,
რომელითაც ვხატავ ჩასილულ თვალებს,
პრიალა შუბლებს,
სისხლის წვეთებს.
და ზორბა ზურგებს.
ელვის მდინარეს გადადიან
ქალი და კაცი
და ერთამანეთის მიაქვთ ხსოვნა
და ერთამნეთს აღარ იცნობენ.

ის დროა ახლა, 
ქალაქის შიგნით წიოდეს ქარი
და მანქანების ორომტრიალში
იდგეს ჩემი სიმღერის ექო, მერე ფარფატით
გაუჩინარდეს.
იდუმალი გზა დაელოცოს.
ნუღარ დაითვლი,
ამ დაღუპვებს ამ გადარჩენებს!...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი