ისმის..


ისმის!

არაფერი იციან დღეებმა ჩემზე.
სადღაც სიღრმეში
იციან თითქოს,
თითქოს კიდეც მიხსენებენ,
მაგრამ მაინც
ეს ყველაფერი წყვეტილია, მოუღწეველი...
მათი ლაპარაკი, არც დუმილია
და არც მხოლოდ ლაპარაკი.
ჯერ ხეები ჩანან,
შემდეგ კი გვესმის...
არაფერი იციან ხეებმა ჩემზე.
და ლოდინით იწყება კვლავაც ლოდინი.,
როგორც სიზმრიდან ყველა სიზმარი,
 ცხოვრებამდელი.
 ცხოვრებაში,
ცხოვრების შემდეგ
არაფერია ახალი მზის ქვეშ!

მე ყველაფერს ვიტყვი
წვიმების გამო,
მე ყველაფერს ვიტყვი ამ 
ფიფქების გამო,
მე ყველაფერს ვიტყვი, რომ გაიგონო:
გუშინ, დღეს, ხვალ...
ათასი თვალით შევდივარ ფოთოლში
და არ უქრება მას გაზაფხული.

ჰაერში რომ ვიყო, ან მიწაზე 
მხოლოდ და მხოლოდ
ასეც არ არის.
მეხსიერება, აი, გზა, სადაც დავდივარ
ჩემი გზა-
 უბოლოო მეხსიერება.

გაბნეულია სახელები და სხეულები,
თითქოს ყველა ზემოდან
მეკვრის
და ჩახსნილ სულში
ისე შემომდის, როგორც წყურვილი.

არაერთხელ გამიტაცეს ფურცლებმა
და კეთილი თვალების ნაცვლად,
ქარის ხელები მერგო...

ჩემ ხმების ფსკერზე დიდი ლოდი
წევს.
 და  მორევიდან იმედი მაქვს ამოსაწევი,
რომ ჩემს თვალებში
ტაძარი და გზა მდუმარებდეს.

მიედინება, 
დაღლილობის შენაკადებით
ასე წყალუხვი ჩემი ცხოვრება.

 გასავლელია:
 სხვისი სიკვდილი,
გასავლელია ჩემი დაბადება,
რადგან ხორცში გამოტანჯულმა
ავიღო პაუზებიც.

მიწაზე კედელია გასარღვევი,
ჰაერში ცა.
არაფერი დაიკარგება,
თუ ისევ საკუთარ თავში ჩავარდები.

სულის კოცონი უცხო ნაპირზე
არ უნდა ენთოს!
და ტირის ქარი ფოთოლს
და ჰაერს ეფერება გაფრენილი
ჰანგი ვიოლინოსი.
მე შემიძლია შესვენებებში
სამ ბავშვობას გადავევლო
და მხოლოდ ერთში დავტოვო
თავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი