* * *
*** ერთ დილას ავდექი, ისე უბრალოდ, როგორც ყოველთვის და ძაფივით გაბმულ ჩემს ცხოვრებას შენი თავი წავაჭერი. მაკრატელი უჯრაში ჩავდე. ტკივილი არ მიგრძვნია, იმდენად უბრალოდ მოხდა ყველაფერი, რომ ჩემ ხორცს ბოლი არ ასვლია. მეც ჰაერი ფილტვებიდან სვენებ-სვენებით ამოვუშვი. ერთ დილას იყო ასე, ვიდექი და საკუთარ თავს დამნაშავეს ვერ ვუწოდებდი, რომც მესურვა მაშინ ვინმე, ვერ მოვიდოდა, რადგან ყველაფერში მე ვიყავი გაბნეული. და მთვარეც მე ვიყავი, როგორც მზის სახლიდან გამოძევებული ერთადერთი მემკვიდრე. ბავშვებმა სამყარო თოჯინასავით ხისგან გამოჩორკნეს, ღმერთები, ადამიანები, საზარელი მხეცები. ასევე გამოთალეს ვარსკვლავებიც. ეს მათი ზღაპარი იყო. შემდეგ თითოეული მათგანი რეალობად იქცა. მერე ასეთი უცნაურობაც ხდება ჩემში, სიკვდილი შეუძლოდ იმყოფება, უგონოდ ჰკიდია გაჩახჩახებულ ჭაღზე. ხანაც იატაკს განერთხმება, ის მთლიანია და ყველგან ასწრებს ყოფნას. მეზობლის სახლში შავთმიანი გოგონას ხელით მოდის გონზე, მოიდგამს სულს და მადლიერი არ გაეკარება მის სახლეულს არასოდეს, სევდიანი ეს ისტორია, ბედნიერი დასასრულით, მე ღმერთებს მოვუყევი, როცა მეც ვიყავი მთლიანი და ყველგან შემეძლო ყოფნა. ჩემ სიცოცხლეს შენი თავი, რომ მოვაცილე თურმე ჩეულებრივად, რომელიღაც ღმერთის როლი ვითამაშე. ესეც მერე მითხრეს. განთიადის ქვეშ, როცა მოვგროვდით ყველანი. ზოგიერთებმა სისხლიანი დანები დაყარეს გზაზე. სისხლი და ცოდვა არ ჰქრება, თვალების მიღმა ორივე ყოველთვის ჰყვავის ან იჩხვლიტება ეკლიან ბურჩხასავით. ჩემი სული სარკეში გადავხატე, ადამიანების ათქვეფილ ტვინში ჩავწექი. ვისთვის იყო ეს ყველაფერი? ნუთუ ჩემთვის.?! შევცდი თუ ვუპასუხე ყველა კითხვას, ადამიანთა კოცონზე დავსრულდი, თუ ფერფლის სიცოცხლე გავაგრძელე. და არ მშორდება ჩვენება, ხარზე ამხედრებული ბრძენი, და ქრისტე თავისი სახედრით. როგორც ორი ცხოვრება, ერთი დასაწყისით.. ღმერთებმა ტანი დამიფოთლეს და გაზაფხულით დამსაჯეს. ალუბლისფერში ყვავილობა მერგო ხვედრად. მჩხავანა, დამშეული წვიმების გამოკვება, ჩაწრეტილ სილუეტებიდან ამოპარვა და დროის თოვლიანი თითების შიში...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი