მარადიული წრე..
მარადიული წრე ყველაფერს ერთი უსიამოვნო წრე დავარქვი, უბრალოდ ტრიალის თანხლებით. მე დედამიწას ვუყურებ ყოველ შექანებაზე, წაბარბაცებაზე და მყარად ვდგები. ,,არაფერი", შეგვიყვარდა ძალიან ეს სიტყვა, როცა ყველაფერი დავივიწყეთ. რა გვეშველება ქართველებს? სულ არ მშორდება ეს კითხვა, რომელმაც ლამისაა გამგლიჯოს და ჩემგან ნახევარი დატოვოს მხოლოდ. არფრისმომცემი, უსარგებლო დაფიქრება ყოფილა ჩვენი სიცოცხლე, რომელიც კი არ დავიწყეთ, ან დავასრულეთ, საერთოდ გავაუჩინარეთ, დავგმანეთ და კოშკშიც, არ ვიცით თუ მოგვეპოვება. თვალები დავთხარეთ ზეცას, ღაწვები დავუსისხლიანეთ. ჩვენ ერთმანეთი არასდროს გვყვარებია, და არც გვეყვარება. გვინდა ეს სიყვარული ვითამაშოთ მხოლოდ წრეში, ან აიწონა დაიწონად განვაგრძოთ რწევა ბაღიდან რომ გვახსოვს. სულ ასეთია ცხოვრება, რაღაც კარგი ხომ უნდა დაიმახსოვრო? წასვლა, მოსვლა და ადგილზე ტკეპნა, ნაბიჯების არევა, დედამიწა ბარბაცებს, ჩვენ კი ისევ მყარად ვდგავართ, ყოველშემთხვევაში გვჯერა ასე და სხვებსაც ვაჯერებთ. ქვის ქალაქები, ქვის სოფლები, ერთმანეთის გაქვავება, დამუნჯება, გაყუჩება. ღმერთო, ეს ჩემი ქვეყნის ხედია, თუ შემთხვევით, ჩანაწერი, ჩანახატი გაგივარდა ხელიდან, რომელსაც ესკიზებად გვაძლევდი?. ეტყობა, რაღაც დაუსრულებელსა და დაუმთავრებელს გამოვრჩით შენგან, ღმერთო. მე კი რა ვქნა, ვდგავარ და გავყურებ, არაფრად ქცევის რიტუალს როგორ აღასრულებს ხალხი წარამარა ტაძრებში და ტაძრებს გარეთ. არცერთი სულში არ გადადის, არ იწრთობა. რაღაცა უნდა დასრულებულიყო და დასრულდა კიდეც. მე სხვა მანაღვლებს, სხვამ წაიღო გულისთქმა ჩემი. ორივე ხელი აწეული მაქვს, გავყვირი მძაფრი ძახილით. თავისუფლება ყველაფერში მჭირდება, მარადიულთან სხვა თუ არა, მე მსგავსება მაინც მიმიყვანს., მაგრამ თვითნებობის რენტგენს ნუ მომასხივებთ, ისეც გამჭვირვალე ვარ, ისეც ჩანს რა მინდა. სხვები დაიკარგნენ, გადამალეს ჩემი სამშობლო,. მე საქართველოს ვეძებ დიოგენესავით. გულის პატარა ჭრაქი მინთია, კასრის ლექსებიდან გაგხედავ. სიბნელეა, ჩემო კარგებო, ყველგან სიბნელე. მოდი, დავრჩეთ ასე, ან რაღაც კიდევ უფრო მეტი შევძლოთ. არაფრისფერი რეალობის ყვავილი ჩავრგოთ მონატრების ნიადაგში, ანდა სულაც მონატრებას მოვწყვიტოთ ეს ყვავილი და ლარნაკში ჩავდოთ. წყალიც ვუსხათ, ზეცაც დავაღვაროთ ზედ. გულიც მივცეთ. ატომისგულა ყვავილები იზრდებიან როცა ველებზე და ლარნაკებშიც ისინი ჩანან, ჩემს ქვეყანაში უკვე ფიქრიც შხამიანი გახდა, თვალებზე კიდე რას ვიტყვი, არც ღირს... ნუ დამიხატავ ჯოჯოხეთს, მითხრა ერთმა, და ეს ჯოჯოხეთია? ეს ქვეყანაა ჩემი, სამშობლოა ჩემი, და შენ გაარკვიე, რასაც დაარქმევ. მე კი არაფერს ფერებს არ ვამატებ. წყენაა ყველგან, დიდი წყენა თვალები შუქ–ჩრდილებს ემალებიან. ლექსები სიწრფელეს. ჩემი სხეული თაგვის ნათრევ ბალანს დაემსგავსა, ჩემი ფეხსაცმელი მშიერ ალიგატორს. ესაა სახე და სიცოცხლე,რომელიც გვინდა და მაინც გვეშინია. ყველამ წავაგეთ და ყველა წასაგები მოგების ექოდ გადაგვექცა. ყველა ღირსება, დაჭმუჭნილ კაბად, გაბახულ ქალს სახლში მისვლამდე, რომ შერჩება ტანზე. რაღაც გვიკვირს, რაღაც არა. მოთმინება ვისწავლეთ და მოთმინებიდან ის არ ვიცით, გაგიჟებაც რომ ახლოსაა. მელანი იღვრება ჩვენი პირიდან წყვეტილ–წყვეტილად. ან სულაც ნაკადად და შხეფებად. ლექსი მაინც ვერ გვიპოვნია, რადგან ყველამ ვიცით მისი ცნობა, ლექსის გაძღოლა ხომ ადვილია, როგორც თუნდაც ფეხბურთელთა გუნდის გაწვრთნა. რაც ყველა ქართველმა იცის. ეჰ, ერადერთი სიტყვაა ახლა, რაც მე მაძლევს შვებას. ეჰ.!... ეტყობა, რაღაც დაუსრულებელსა და დაუმთავრებელს გამოვრჩით შენგან, ღმერთო
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი