* * *


* * *
ადამიანი აღმოცენების დღიდან მცენარეა,
მცენარე დაბადებიდანვე ადამიანი.
გავხმები თუ დავბერდები, მაინც 
ერთი მაცოცხლებელი მზე მომყვება
დასაბამიდან- დასასრულისაკენ,
რომელიც მუდმივად ცაზეა,მაგრამ
სხვადასხვა ადგილას ვამჩნევ ყოველთვის.
ვერ დავშორდი საგნებს, 
ყველაფერთან ახლოს ვიმყოფები,
ვერ მოვწყდი არსებობასაც...
სინამდვილე ნაჯახივით მეცემა თავზე
და მთელი ცხოვრება ვკვნესი.
მუდმივად უნდა გავარჩიო
ერთმანეთისგან ზეცა და ჩიტი,
ბოლოქანქარა ზეცამ იცის დილით,
თუ როგორი სიმღერა გამიხარდება.
დილამაც იცის, რომ შუბლნათელი უნდა წარსდგეს
ყველას წინაშე.
ცვარნაპკური მცენარე სამოთხის ბინადარია.
სამად გაყოფილი ჩრდილი ერთ სხეულად
გადაიქცევა,
რომელიმე ჩითილს მორწყავს,
სანამ ბავშვებს გაეთამაშება.
ჩვილი სიკვდილი დაბერებულ სიცოცხლეს,
ან გაიცნობს, ან არა...
როგორ დავიჯერო, რომ არავის მოაგონდა
ეს სამყარო,
მე მაგონდება, მაგონდება დაუსრულებლად...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი